თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი თორბიორნ იაგლანდი უახლოეს დღეებში საქართველოს ეწვევა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა.
ქართული საპარლამენტო დელეგაცია ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით სტრასბურგში იმყოფება, სადაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის მუშაობაში მონაწილეობს. ვიზიტის ფარგლებში ქართველი დეპუტატები მაღალი რანგის შეხვედრებს ატარებენ.
„ევროპის საბჭოს აღმასრულებელი მდივანი რამდენიმე დღეში ჩამოდის თბილისში და თბილისში მას ექნება შესაძლებლობა, რომ უკვე ძალიან კონკრეტულად გაეცნოს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს… ევროსაბჭო სხვადასხვა რეზოლუციებისა და ანგარიშების ფორმით საკმაოდ მნიშვნელოვან და აქტუალურ აქცენტებს აკეთებს ყოველთვის და ჩვენთვის პრინციპულია, რომ ეს მომავალშიც გაგრძელდეს“, — განაცხადა ჩუგოშვილმა.
საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მიაწოდეს ინფორმაცია საკონსტიტუციო შესწორებებზე და ამ პროცესში ევროპის საბჭოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტი როგორც საპარლამენტო ასამბლეასთან, ისე ევროპის საბჭოს სხვადასხვა შესაბამის სტრუქტურებთან ერთად შეძლებს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას“, — ხაზი გაუსვა ჩუგოშვილმა, რომლის კომენტარი პარლამენტის ვებ-გვერდზეა განთავსებული.
ქართული დელეგაცია სტრასბურგში 23 იანვარს გაემგზავრა. ვიზიტი 27 იანვრამდე გაგრძელდება.
გასულ კვირაში საქართველოს ვენეციის კომისიის თავმჯდომარე ჯანი ბუკიკიო ეწვია. ბუკიკიო შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს, ექსპერტებს, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. მხარეებმა საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები განიხილეს.