თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. თბილისის სამეფო უბნის თეატრი საფრანგეთში თავისი პირველი გასტროლით გაემგზავრა — საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ნოვატორული თეატრალური კოლექტივის დადგმებს ფრანგი მაყურებელი 24–27 იანვრის პერიოდში იხილავს.
საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთში, ქალაქ შერბურ-ოკტევილში ქართული კოლექტივი აჩვენებს შვედი დრამატურგის აუგუსტ სტრინდბერგის სპექტაკლს „ფრეკენ ჟული“ და ევრიპიდეს პიესის მოტივების მიხედვით დადგმულ სპექტაკლს „ტროელი ქალები“, იუწყებიან თეატრში.
წარმოდგენები „იტალიურ“ თეატრში და Teatre de la Butte-ში გაიმართება. დადგმები ნაჩვენები იქნება ქართულ ენაზე ფრანგული სუბტიტრებით.
გარდა ამისა, სამეფო უბნის თეატრის მთავარი რეჟისორი დათა თავაძე ახალგაზრდა მსახიობთათვის მასტერ–კლასს ჩაატარებს.
„ტროელი ქალები“ — ძველი ბერძენი დრამატურგისა და კლასიკური ათენური ტრაგედიის უდიდესი წარმომადგენლის ევრიპიდეს „ტროელი ქალების“ მოტივებზე რეჟისორ თავაძის დოკუმენტური დადგმაა. სიუჟეტი ეფუძნება ხუთი ქართველი ქალის ისტორიას, რომლებმაც 1990–იანების ომის პერიოდი გამოიარეს. რეჟისორი ყურადღებას ქალთა ძალადობის პრობლემაზე აფიქსირებს.
2016 წელს დადგმამ „ტროელი ქალები“ გერმანიაში ევროპელი რეჟისორების საერთაშორისო ფესტივალ Fast Forward–ზე „საუკეთესო რეჟისურისთვის“ ჯილდო მიიღო. 2015 წელს პოლონეთში, სადაც სამეფო უბნის თეატრი გასტროლებით იმყოფებოდა, თეატრალურმა კრიტიკოსებმა სპექტაკლს მაღალი შეფასება მისცეს.
სპექტაკლი „ფრეკენ ჟული“ საქართველოში აუგუსტ სტრინდბერგის პიესის პირველი დადგმა გახდა. 1888 წელს დანიაში დაწერილმა დრამატულმა ისტორიამ, რომელიც ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობის ინტიმურ, ფიზიოლოგიურ მხარეს აჩვენებს, ქართულ სცენაზე ახალი ფორმები შეიძინა. დადგმა ქალისა და მამაკაცის საწყისის მუდმივი ბრძოლის თემას აშუქებს.
2017 წლის თებერვალში სამეფო უბნის თეატრი თბილისში დაბრუნდება და მშობლიურ სცენაზე გამოსვლას განაგრძობს. ორი ზემოხსენებული დადგმის გარდა თეატრალური კოლექტივის თაყვანისმცემლებს ელის ისეთი სპექტაკლები, როგორიცაა სლავომირ მროჟეკის „სტრიპტიზი“, „პრომეთე: დამოუკიდებლობის 25 წლისთავი“ და სხვ.