ზღმარტლი (Mespilus germanica) ვარდისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, 3–6 მეტრი სიმაღლის ფოთოლმცვენი ეკლიანი ხე ან ბუჩქია; აქვს ლანცეტა ან კვერცხისებრი მოკლეყუნწიანი ფოთლები და დიდი თეთრი ცალედი ყვავილები. ყვავილობს მაისში, ნაყოფი მწიფდება ოქტომბერში. ნაყოფი მომრგვალო კენკრაა, რბილობი მაგარი აქვს, უკვე გადამწიფებული კი რბილი და ტკბილია. გამოიყენება საკვებად.
საქართველოში იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყელში, განსაკუთრებით კარგად ხარობს მუხნარში, მრავლდება თესლით, ძირკვისა და ფესვის ამონაყარით, ამრავლებენ მყნობით.
ნაყოფი შეიცავს შაქრებსა და თითქმის ყველა ვიტამინს – С, А, В1, В2, В3, В6, В9, ლიმონისა და ვაშლის მჟავას, მთრიმლავ და არომატულ ნივთიერებებს, პექტინებს, ლორწოს, ფიტონციდებს. მინერალებს – კალიუმი, მაგნიუმი, რკინა, იოდი, კალციუმი, ფოსფორი, ნატრიუმი, სელენი, თუთია და სხვა. ქერქი, ფოთლები და მკვახე ნაყოფი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს.
ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ფოთოლი, ნაყოფი და თესლის ნახარში კუჭ–ნაწლავის ანთებისა და საშარდე ბუშტის კენჭოვანი დაავადებებისას.
გასაკუთრებით ფასეულია ზღმარტლი იმ ადამიანებისთვის, ვისაც აწუხებს ჰიპერტონია, გულ–სისხლძარღვთა დაავადებები, ასთმა, დიაბეტი. ის ხელს უწყობს თირკმელებიდან კენჭების გამოდევნას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, წმენდს ღვიძლსა და სისხლძარღვებს.
ზღმარტლი აბრკოლებს ინსულტებისა და ინფარქტების, ონკოლოგიური დაავადებების განვითარებას, ამაღლებს იმუნიტეტს.
ზღმარტლის გამოყენება არ შეიძლება კუჭის წვენის გაზრდილი მჟავიანობის, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულისა და კუჭქვეშა ჯირკვლის ანთების დროს. ასევე სიფრთხილით უნდა მივცეთ ბავშვებს და გავითვალისწინოთ, რომ ზღმარტლმა, შესაძლოა, ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს.
სტატია მომზადებულია RCDA-ს მასალებზე დაყრდნობით.