შევაჩეროთ ფსიქიატრიული სისტემის ნგრევა საქართველოში — თბილისში აქცია ჩატარდა

© AFP 2024 / VASILY MAXIMOVფსიქიატრიული საავადმყოფო
ფსიქიატრიული საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში ჩატარებული აქციის მონაწილეებმა ფსიქიატრიული სისტემის ნგრევის შეჩერება მოითხოვეს.

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. „შევაჩეროთ ფსიქიატრიული სისტემის ნგრევა!“ – ამ ლოზუნგით ჩატარდა ორშაბათს აქცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობასთან.

საპროტესტო აქციის ინიციატორი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიული განვითარების საერთაშორისო ცენტრი“. აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების შესახებ დადგენილებაში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც მთავრობამ იანვრის დასაწყისში შემოიღო.

ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა - Sputnik საქართველო
როგორ გავუმკლავდეთ C ჰეპატიტით გამოწვეულ დეპრესიას?

მწვავე ფსიქიკური აშლილობების სამკურნალოდ გამოყოფილი თანხები დაახლოებით 40%-ით შემცირდა, რის გამოც თბილისში ზოგადი პროფილის საავადმყოფოებში მოქმედი სამი ფსიქიატრიული განყოფილება იძულებული გახდა შეეწყვიტა პაციენტების მიღება.

აქციის მონაწილეები ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათ საკუთარი შენიშვნები და პრეტენზიები გააცნეს.

„ჩვენ, საზოგადოება ფსიქიატრიის დასავლურ ყაიდაზე გარდაქმნისთვის ვიბრძვით; ამბულატორიული, სათემო სერვისების განვითარება-ჩამოყალიბება გვინდა; ჯანდაცვის სამინისტრო კი ზოგადი პროფილის საავადმყოფოებში ფსიქიატრიულ განყოფილებებს ხურავს და საბჭოთა ეპოქის დიდ „საგიჟეთებს“ აძლიერებს“, — განაცხადა საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარემ მანანა შარაშიძემ.

მისი თქმით, კატასტროფულად დაბალია ის სახსრები, რაც უწყებამ ფსიქიატრიის სფეროზე გამოყო.

„მოვიდა დრო, რათა საზოგადოებამ ხმა აიმაღლოს ამ დარგის ე.წ. „ნარჩენების“ პრინციპით დაფინანსების წინააღმდეგ და ხელისუფლებას გადამწყვეტი ზომების მიღებისკენ მოუწოდოს“, — აღნიშნა შარაშიძემ.

დავით სერგეენკო - Sputnik საქართველო
საქართველოში არსებული კლინიკები საყოველთაო დაზღვევის მოთხოვნების შესახებ გააფრთხილეს

ჯანდაცვის სამინისტროში ფსიქიატრების მოთხოვნებს გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ მონიტორინგის სამსახურის ანალიზმა, რომელიც 2016 წელს ჩატარდა, აჩვენა, რომ კლინიკების დაფინანსების არსებული სისტემა მათ მანიპულირების საშუალებას აძლევდა.

„გამოიკვეთა არაერთი შემთხვევა, როდესაც მწვავე ფსიქიკური მდგომარეობის მქონე პაციენტი არასრული მკურნალობის გამო კლინიკაში არაერთხელ ხვდებოდა თვის განმავლობაში. ეს კლინიკებს აძლევდა საშუალებას, არასრული მკურნალობით მოეპოვებინათ ფინანსები“, — განაცხადა ბრიფინგზე ჯანდაცვის სამინისტროს პრეს–სპიკერმა სოფო ჭუმბურიძემ.

მისი თქმით, ახალი მეთოდოლოგია ასეთ რისკებს მინიმუმამდე ამცირებს და უზრუნველყოფს თანხების სამართლიან გადანაწილებას ქრონიკული მდგომარეობის მქონე პაციენტებზე.

„ცალსახად ვაცხადებთ, რომ ქვეყანაში არსებული საწოლების რაოდენობა საკმარისია იმისთვის, რათა პაციენტს მიეწოდოს დროული და ხარისხიანი მომსახურება“, — ხაზი გაუსვა ჭუმბურიძემ. 

ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მთავრობის მიერ მიღებული ცვლილებები მიმართულია პაციენტების ინტერესების დასაცავად.

ყველა ახალი ამბავი
0