ირმა ლეჟავა
დასაწყისში ერთ მნიშვნელოვან ფაქტს გაცნობებთ: ნოემბრიდან საქართველოში დაიწყო С ჰეპატიტის საყოველთაო სკრინინგის შემდგომი ეტაპი, რომელიც ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება. მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს უფასოდ ჩაიტაროს ტესტირება С ჰეპატიტსა და აივ ინფექციაზე (შიდსზე). აქციის ფარგლებში სკრინინგი პირველებმა ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა ჩაიტარეს.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2015 წლის 1 დეკემბრიდან დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ყველა ორსულს მიეცემა შესაძლებლობა გინეკოლოგთან პირველი ვიზიტის განხორციელებისას, სხვა გამოკვლევებთან ერთად, С ჰეპატიტზე უფასო სკრინინგი ჩაიტაროს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი „შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის“ პროგრამის ფარგლებში, ზიანის შემცირების საქართველოს ქსელს გადასცემს ოთხ მობილურ ამბულატორიას, რომლის საშუალებით C ჰეპატიტის, აივ ინფექციის (შიდსის) სადიაგნოსტიკო და პრევენციული მომსახურებაა დაგეგმილი. კერძოდ, მობილური ამბულატორიები მთელი საქართველოს მასშტაბით (თბილისი, მცხეთა-მთიანეთი, შიდა-ქართლი, ქვემო-ქართლი, კახეთი, იმერეთი, სამეგრელო, გურია და აჭარა) მოემსახურებიან ზიანის შემცირების პროგრამის ბენეფიციარებს და უზრუნველყოფენ მათ უფასო ტესტირებას აივ ინფექციაზე (შიდსზე), C და B ჰეპატიტებსა და სიფილისზე.
ამ კვლევის პარალელურად გაგრძელდება C ჰეპატიტიანი პაციენტების უფასო მკურნალობა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალიან შედეგიანი აღმოჩნდა. თუმცა ნებისმიერი ძლიერი მედიკამენტოზური მკურნალობის მსგავსად, პაციენტების ნაწილს ამ შემთხვევაშიც აღენიშნება სხვადასხვაგვარი ფიზიკური ჩივილი: სისუსტე, ტემპერატურის მომატება და დეპრესიაც კი. ეს უკანასკნელი დანარჩენ პრობლემემზე არანაკლებ შემაწუხებელია პაციენტისთვისაც და მისი ახლობლებისთვისაც, რადგან მის დაძლევას ყველა ერთნაირად ვერ ახერხებს.
C ჰეპატიტით დაავადებულ პაციენტთა გაერთიანების (საქართველოში ეს გაერთიანება ჟურნალისტმა ირაკლი იმნაიშვილმა ბრიტანული ორგანიზაციის ანალოგიით C ჰეპატიტიანი პაციენტების დასახმარებლად დააარსა — დაწვრილებით იხ. ვებ-გვერდზე HEPATITI.GE) უფასო ტრენინგები, რომელიც მკურნალობის პარალელურად, პაციენტებს დაავადებასთან თანაცხოვრებაში, მის მართვაში ეხმარება, 2 წლის წინაც ტარდებოდა და წელსაც რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. აქ პაციენტები და მათი თანმხლები პირები საკუთარ ჩივილებზე, პრობლემებსა და გამოცდილებაზე საუბრობენ; ასევე, ჰყვებიან, C ჰეპატიტთან ბრძოლის პარალელურად, როგორ ებრძვიან ან ვერ უმკლავდებიან დამთრგუნველ დაავადებას — დეპრესიას, რომელიც საკმაოდ სახიფათოა ადამიანისთვის.
როგორც ირკვევა, ტრენინგგავლილმა რამდენიმე პაციენტმა დეპრესიის დაძლევის საკუთარი მეთოდი გამოძებნა. შესაძლოა, მსგავსი პრობლემა სხვა პაციენტებსაც აქვთ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, მათი ამბავი თქვენც გაგიზიაროთ. იმედია, ამ ადამიანების მონათხრობი რაიმეში დაგეხმარებათ.
გაცნობებთ, რომ პაციენტების თხოვნით (და ამ შემთხვევაში საჭირო ანონიმურობის დაცვით) მათი სახელები და გვარები შეცვლილია.
ნანა ლაბაძე, პაციენტის მეუღლე:
— ჩემი მეუღლე 60 წლისაა და ზოგადად, ძალიან მშვიდი ადამიანია. ჯანმრთელობასაც არასდროს შეუწუხებია და C ჰეპატიტი რომ ჰქონდა, როგორც ბევრმა, სრულიად შემთხვევით 2014 წლის სექტემბერში გაიგო. პროფილაქტიკის მიზნით გამოკვლევაზე წავიდა და ექიმებს ექოსკოპიით მისი ღვიძლი რომ არ მოეწონათ, შესაბამისი ანალიზის აღება ურჩიეს. პოლიკლინიკაში მიღებული დადებითი პასუხი სამგან გადავამოწმეთ და ყველგან დადასტურდა. ბევრ საერთო ნივთს ვიყენებდით და ოჯახის წევრებიც შევშინდით, ამიტომ სასწრაფოდ ჩვენც გადავემოწმეთ და, საბედნიეროდ, გადავრჩით. ამ პერიოდში გამოცხადდა C ჰეპატიტის ელიმინაციის უფასო პროგრამა და მართალია, მეუღლეს საკმაოდ რთული მდგომარეობა ჰქონდა, ლამის ციროზის დასაწყისი, მაინც ახალი პრეპარატით მკურნალობის დაწყებას დაველოდეთ. ჩემი მეუღლეც ძალიან მობილიზებული იყო: აიკრძალა მარილი და შაქარი, დიეტას იცავდა, სიგარეტსაც არ ეწეოდა, სასმელზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია! ჩვენმა ექიმმაც ურჩია, თუკი დიეტას დაიცავ და სწორად იცხოვრებ, ამ მდგომარეობას პროგრამის ამოქმედებამდე თავისუფლად შეინარჩუნებო. ასე მივედით მაისამდე და პირველივე ნაკადში — 34 პაციენტს შორის — მოხვდა.
მკურნალობის პერიოდში ჩემი მეუღლე ხშირად იყო უგუნებოდ, ისეთ რაღაცებზე ბრაზდებოდა, რასაც ნამდვილად არ უნდა გაებრაზებინა, ნერვები არ უნდა აეშალა. ოჯახის წევრები კი ძალიან ვუწყობდით ხელს, არაფერზე ვეკამათებოდით, ყველაფერს ვუთმობდით, მაგრამ ფაქტობრივად, მთელი დღის განმავლობაში მარტო იყო შინ — მე ვმუშაობ, ბავშვები სწავლობენ და ცხადია, ძალიან იწყენდა, იოლადაც ღიზიანდებოდა. მას მხოლოდ კატა ჰყავდა გვერდით, ამიტომ უნებლიეთ სწორედ ფისოზე გადაჰქონდა ყურადღება და მასზე ზრუნვაში ატარებდა დღეს. ისედაც, ძალიან დადებით ენერგიას გამოჰყოფს ეს ცხოველი. ჩვენ ადრე ძაღლიც გვყავდა, მაგრამ კატა თუ ასეთი ენერგეტიკის მატარებელი იყო, ვერაფრით წარმოვიდგენდი.
— საგანგებოდ მიიყვანეთ შინ კატა?
— არა, ეს შემთხვევით მოხდა. საერთოდ, ჩემს შვილებს ძალიან უყვართ ცხოველები. 10 წლის განმავლობაში გვყავდა ძაღლი და ძირითადად, მე ვუვლიდი, რადგან ბავშვებს მხოლოდ მოსაფერებლად უნდოდათ. ეს იოლი არ იყო. კატის შინ მოყვანაზე კი არასდროს მიფიქრია, რადგან არ მიყვარდა, ბოროტ ცხოველად მიმაჩნდა. ერთ მშვენიერ დღეს ჩემმა გოგონამ კნუტი მოიყვანა. ეს იმ პერიოდში მოხდა, როდესაც ჩემი მეუღლის ავადმყოფობის ამბავი ახალი გაგებული გვქონდა. კნუტი ძალიან პატარა და ლამაზი იყო, თანაც გაგვაოცა, ერთ დღეში რომ ისწავლა მისთვის განკუთვნილ ადგილას მოსაქმება. მერე ამიხსნეს, ძაღლისგან განსხვავებით, დიდ ზრუნვას არ საჭიროებს, შინ მარტოც რომ დატოვო მთელი დღით, საჭმელიც დაუტოვო, არც არაფერს დასვრის და მშვენივრად მიხედავს თავსო. ისეთი პატარა იყო, გასაგდებად შემეცოდა კიდეც და დავიტოვეთ. მალე მეუღლემ მკურნალობაც დაიწყო. ფისო ისე შეეჩვია მას, რომ გვერდიდან არ შორდებოდა, განსაკუთრებითაც კი უყვარდა, რადგან ის უვლიდა. კიდეც ვიფიქრე, ალბათ ღმერთმა გამოგვიგზავნა ეს ფისო-მეთქი. დამიჯერებთ, რომ ჩემი მეუღლის მკურნალობისას ლომის წილი სწორედ ამ პატარა არსებამ შეასრულა. როგორც უნდა გაღიზიანებულიყო, აშლოდა ნერვები, ფისოსთან იგი ყოველთვის მშვიდდებოდა. მკურნალობიდან სამი თვე გავიდა და ანალიზები რომ გადავამოწმეთ, ვირუსი აღარ გვიჩვენა. მოსალოცად კი გვაქვს საქმე! 6 თვის შემდეგაც რომ გადავამოწმებთ და თუ კვლავ არაფერს გვიჩვენებს, გვითხრეს, საშიშროება აღარ იქნებაო. მთავარია, გაფრთხილდეს და თავიდან არსად შეეყაროს. საამისოდ კი აუცილებლად ვიზრუნებთ. მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ კი ის ფისო დაგვეღუპა — მანქანამ გაიტანა, ამიტომ ახლა ახალი მოვიყვანეთ შინ. ღმერთს კი მადლობა იმისთვის, რომ სწორედ მაშინ გამოგვიგზავნა ეს საყვარელი ცხოველი მხსნელად, როდესაც ოჯახის წევრებს ყველაზე მეტად გვიჭირდა.
დავით ხურციძე, 35 წლის, პაციენტი:
— მე ელიმინაციის პროგრამის დაწყებამდე გაცილებით ადრე ვიმკურნალე ინტერფერონით. თავდაპირველად, მკურნალობის დასაწყისში ჩემმა უღონობამ — სიარული მიჭირდა და სუნთქვა არ მყოფნიდა, პანიკაშიც კი ჩამაგდო. მაშინვე ექიმთან გავიქეცი და იქიდან მოყოლებული, ყველა უსიამოვნო შეგრძნებაზე საკონსულტაციოდ ან ვურეკავდი, ან ვხვდებოდი. ექიმთან ხშირმა კონტაქტმა და მისმა საუბარმა ძალიან მიშველა. ყოველთვის წინასწარ მიხსნიდა, კონკრეტულ ეტაპზე მკურნალობას რა შეიძლებოდა გამოეწვია. იმხანად ჩემს ექიმს ამდენი პაციენტიც არ ჰყავდა, დღეს რომ ჰყავს. ახლახანს გავუარე, ანალიზების გადამოწმება მინდოდა და გავგიჟდი, იმხელა რიგი იდგა. ადვილი შესაძლებელია, ერთ მისვლაზე ვერც მიგიღოს, ხანგრძლივ საუბარზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. მაშინ კი წინასწარ მიხსნიდა, დაპანიკდე, თმა თუ გაგცვივდა, ტემპერატურამ თუ აგიწია, სახსრებმა თუ ტკივილი დაგიწყოო. მეც მობილიზებული ვიყავი. შინ თუ ვრჩებოდი, ხან ბავშვებთან ვთამაშობდი, ხან ტელევიზორს ვუყურებდი, ხან ინტერნეტით ვირთობდი თავს და ამაზე გადამქონდა ყურადღება.
— მკურნალობის პარალელურად მუშაობას ახერხებდით?
— მაგალითად, პარასკევს წამალს რომ გავიკეთებდი, შაბათ-კვირას შინ ვრჩებოდი, რადგან ტემპერატურა მიწევდა. ამას რომ გადავლახავდი, ორშაბათიდან კვლავ მივდიოდი სამუშაოდ. შემეძლო თუ არ შემეძლო, მაინც არ ვეპუებოდი და სულ ვმოძრაობდი. ეს ძალიან მეშველებოდა, თორემ ბევრზე მსმენია, დეპრესია რა დღეში აგდებდა. თუ ფიზიკურად სუსტი ხარ, საკუთარ თავს თვითონ უნდა შეუძახო, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ტკივილგამაყუჩებელს ხომ არ სვამ, ტკივილმა უცებ რომ გაგიაროს? ხუმრობა კი არ არის, ამოდენა რამეს რომ მკურნალობ? რაღაც გაგირთულდება, აბა, რა! ამიტომ წინასწარ უნდა შეემზადო საბრძოლველად.
მაგალითად, ჩემს მეგობარსაც აღმოაჩნდა C ჰეპატიტი და ახლა დაიწყო მკურნალობა. მიუხედავად სისუსტისა, წამლებს მიიღებს თუ არა, ყოველ შაბათ-კვირას სოფელში გარბის სამუშაოდ. ერთი წამით არ ჩერდება. ჩემი მაგალითიც აქვს, წინასწარ ავუხსენი ყველაფერი. დალხინებულად არ უცხოვრია, უცხოეთში დაჭერილიც კი იყო 5 წლის განმავლობაში, ამიტომ ვშიშობდი, მკურნალობისას არ გაჭირვებოდა სულიერად.. ცოტა ხნის წინათ ვკითხე, დეპრესია ხომ არ დაგეწყო-მეთქი და დეპრესიისთვის სად მცალიაო, მიპასუხა. არადა, ერთი ახლობელი მყავს, 5 წელი იქნება, რაც მკურნალობს და სრულ პანიკაში ჩავარდა. ვეუბნები, ყველაფერი გაივლის, კარგად იქნება, ხომ ხედავ, მე ვიმკურნალე და არაფერი დამმართნია, პირიქით — ვირუსიც კი აღარ აღმომაჩნდა-მეთქი. მაინც უჭირს გამკლავება. რადგან თვითონ გამოვცადე ყველაფერი, თამამადაც იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ნერვებს არაფრით უნდა აჰყვე ადამიანი, ვაჟკაცურად უნდა იყო და მხნედ, ღმერთიც დაგეხმარება და ყველაფერს დაძლევ. პანიკით და დეპრესიით კი საკუთარ თავსაც დააზარალებ და შენს ახლობლებსაც! ხომ ხედავთ, მე თვითონვე დავძლიე დეპრესია, ჩემმა მეგობარმაც, ამიტომ ამას თქვენც შეძლებთ. მთავარია, არ შეეპუოთ და აქტიურად იცხოვროთ.
შეგახსენებთ, რომ С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელიც საქართველოში 2015 წლის 21 აპრილს ამერიკული ფარმაცევტული კომპანია „გილეადის“ ხელშეწყობით 6 თვის წინ დაიწყო და ორი ფაზისგან შედგება, წარმატებით მიმდინარეობს. პირველი ფაზა, რომელიც კრიტიკული მდგომარეობის მქონე 5000 პაციენტის მკურნალობას ითვალისწინებდა, ფაქტობრივად, დასრულდა. მეორე ეტაპი, რომლის მიზანი საქართველოში დაახლოებით 20 000 ადამიანის მკურნალობაა, დეკემბრიდან დაიწყება.