თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. ფინეთი მზადაა რუსეთისა და აშშ-ის ლიდერების ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის ორგანიზება საკუთარ თავზე აიღოს, „თუ ამას პოლიტიკური ვითარება შეუწყობს ხელს“, განუცხადა ჟურნალისტებს ფინეთის პრემიერ-მინისტრმა იუჰა სიპილამ.
„მზად ვართ ასეთი შეხვედრის ორგანიზება არქტიკული საბჭოს სამიტზე მოვაწყოთ, თუ ამის საშუალებას პოლიტიკური ვითარება მოგვცემს“, — განაცხადა სიპილამ და დასძინა, რომ ჯერჯერობით კონკრეტული სიგნალები იმისა, რომ ასეთი შეხვედრა შეიძლება გაიმართოს, არ არის, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
შეხვედრის ორგანიზების სურვილი ფინეთის ხელისუფლებას გასული წლის დეკემბერში გაუჩნდა. საუბარი ეხება არქტიკული საბჭოს სამიტის ფარგლებში შეხვედრას მას შემდეგ, რაც საბჭოს თავმჯდომარეობა ფინეთს გადაეცემა.
საბჭო აერთიანებს ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებს, რუსეთს, აშშ-სა და კანადას. ფინეთი არქტიკული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა 2017-დან 2019 წლის ჩათვლით პერიოდში იქნება.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უფრო ადრე განაცხადა, რომ მზადაა, აშშ-ის ახლადარჩეულ პრეზიდენტს ნებისმიერ დროს შეხვდეს. თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ მიზანშეწონილი იქნება, ტრამპს მიეცეს საშუალება ჩამოაყალიბოს ადმინისტრაცია და თანამდებობაზე საქმიანობას ოფიციალურად შეუდგეს, ხოლო შეხვედრაზე საუბარი უკვე ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი.