თბილისი, 23 იანვარი – Sputnik. 15 წლის გოგონას დედა, რომლის არასრულწლოვანი ქალიშვილი 40 წლის მანდატურისგან შვილს ელოდება, საკუთარი შვილის გათხოვებას აპირებს, წერს ქართული გაზეთი PrimeTime.
იმერეთის ერთ-ერთი სკოლის მანდატურისა და მოსწავლე გოგონას შორის სექსუალური კავშირის შესახებ ინფორმაცია გასულ კვირას გავრცელდა. თავიდან მასმედია იუწყებოდა, რომ ეს ძალადობა იყო. საქართველოს შსს-მ აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
„მე მშვიდობა და ის მინდა მარტო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდეს. ბიჭი ამბობს, რომ მასზე დაქორწინდება და ბავშვსაც მიხედავს, როცა დაიბადება. აბა სხვა რა უნდა გააკეთოს, ეს ხომ მისი შვილია! თუ ცოლად მოყვანაზე უარს იტყვის, მაშინ სხვანაირად წავა საქმე. მე ჩხუბი და ხმაური არ მინდა. მინდა ეს საკითხი მშვიდობიანად გადაწყდეს. რაც იყო, იყო“, — განაცხადა გამოცემასთან გოგონას დედამ.
15 წლის გოგონას დედა თავის გადაწყვეტილებას იმით ამართლებს, რომ ბავშვს სჭირდება მამა, მისი დაპატიმრება კი მხოლოდ გაართულებს ვითარებას. ამასთან დედა აცხადებს, რომ არასრულწლოვანზე ძალადობა არ ყოფილა.
მშობლის განმარტებით, მან არ იცოდა საკუთარი შვილისა და მანდატურის კავშირის შესახებ, რომელსაც გოგონა საკუთარი მანქანით დაჰყავდა სკოლაში.
„ვიფიქრე, ჩამოყალიბებული, სერიოზული ადამიანია და ჩემს შვილსაც ყურადღებას მიაქცევს როგორც საკუთარ შვილს-მეთქი. როგორ წარმოვიდგენდი, რომ ამას გააკეთებდა?!“ — განაცხადა დედამ.
PrimeTime-მა გაარკვია, რომ გოგონა 4 თვის ორსულია და მისი ოჯახი სოციალურად დაუცველია.
მიუხედავად იმისა, რომ შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და მანდატური სამსახურიდან გაათავისუფლეს, მას ბრალი ჯერ წარდგენილი არ აქვს. აღნიშნული დანაშაული შვიდიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.