თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს („ცე-ერ-უ“) აწ უკვე ექს-დირექტორმა ჯონ ბრენანმა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სპეცსამსახურის შტაბბინაში ვიზიტისთვის მკაცრად გააკრიტიკა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
ტრამპი შაბათს, 21 იანვარს ეწვია ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს ლენგლიში. მან ასევე მოინახულა შენობაში განთავსებული, სამსახურებრივი მოვალეობის აღსრულებისას დაღუპულ თანამშრომელთა მემორიალი.
ამის შემდეგ პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა სპეცსამსახურის ოთხასამდე მოქმედ თანამშრომელს, ყველა მხრივ მხარდაჭერა აღუთქვა მათ და მკვეთრი სიტყვებით მოიხსენია „უპატიოსნო მედია“, რომელიც, მისი სიტყვებით, ცდილობს „წააჩხუბოს ის დაზვერვასთან“.
„ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი დირექტორი ბრენანი ღრმად წუხს და განრისხებულია იმით, რომ დონალდ ტრამპმა ამაზრზენი თვითგანდიდება გამოიჩინა გმირთა მემორიალური კედლის წინ. ბრენანი ამბობს, რომ მას უნდა სცხვენოდეს“, — ციტირებს გამოცემა Politico ბრენანის წარმომადგენლის, ნიკ შაპიროს სიტყვებს.
მსგავსი მკვეთრი გამონათქვამები მოქმედი პრეზიდენტის მიმართ უკიდურესად არატიპიურია მაღალჩინოსანი მზვერავისთვის, რომელმაც თანამდებობა 20 იანვარს დატოვა.
დონალდ ტრამპს მანამდეც — პრეზიდენტად არჩევამდე და მას შემდეგაც — ჰქონდა კონფლიქტი ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსთან პრესაში გაჟონილი ინფორმაციების გამო, რომლებიც არჩეული პრეზიდენტის გასაიდუმლოებულ ბრიფინგებს შეეხებოდა.