თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. აშშ–ს ახლად არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აქცია ქალებმა დღეს საქართველოს დედაქალაქშიც გამართეს.
„დღეს თბილისიდან ვუერთდებით მოძრაობას ქალთა უფლებების მხარდასაჭერად თანასწორი და ინკლუზიური გარემოსთვის. ამერიკელები, ქართველები, ევროპელები, აზიელები — ჩვენ ყველა ვერთიანდებით გლობალურ მოძრაობაში ადამიანისა და ქალთა უფლებების დასაცავად და გასაძლიერებლად“, — განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
აქციის მონაწილეები ფილარმონიასთან შეიკრიბნენ და რუსთაველის გამზირზე მსვლელობა მოაწყეს, მოგვიანებით კი ქალთა უფლებების დაცვის მოთხოვნით, პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს.
„ეს მარში არის ვაშინგტონის ქალთა მარშის სოლიდარობის გამომხატველი აქცია, რომელიც თბილისის გარდა კიდევ მსოფლიოს 370 ქალაქში ტარდება. საქართველო, მნიშვნელოვანია, რომ არის ამ ყველაფრის მონაწილე, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ ცალკე მდგომი ქვეყანა, ვართ მთელი მსოფლიოს ნაწილი“, — მიაჩნია აქციის კიდევ ერთ მონაწილეს.
მისი თქმით, მთელ მსოფლიოში ულტრამემარჯვენე რიტორიკის გამარჯვების ფონზე, თანდათან უფრო ძნელდება საქართველოში ქალთა და უმცირესობათა უფლებების დაცვა.