იგი როგორც კალენდარშია მითითებული, „თოვლთან მიმართებაში რეაქტიულ ქმედებებში გამოიხატება“. ამ დღის რეკლამა შეგიძლიათ იხილოთ სატელევიზიო არხით „Eurosport“. ეს დღეს სხვადასხვა ქვეყნებში აღინიშნება სლოგანით: „ისრიალე თხილამურებით და მუსიკის თანხლებით“. რუსეთის ზოგ ქალაქში ის როგორც წესი, დღის 12 საათზე იწყება.
ჩვენ კი, როგორც ჩანს, ამ დღის აღნიშვნისთვის თბილისიდან გასვლა მოგვიწევს, რადგან აქ თოვლი, მოგეხსენებათ, არც ისე ხშირად მოდის. მაგრამ სურვილის შემთხვევაში, ის მაინც შეგვიძლია, რომ ამ დღეს მხოლოდ თოვლთან დაკავშირებული სასიამოვნო ამბები გავიხსენოთ. პრინციპის დაცვა:„ისრიალე თხილამურებით და მუსიკის თანხლებით“- გართობის მოყვარულ ქართველებს არ გაგვიჭირდება.
როგორც ერთ ძველ, ქართულ სიმღერაშია: „თოვლი მოსულა ამ დილით, რაღაც ახალი იწყება“… ქართველებს ნიშნების გვჯერა და ამიტომ პირველ თოვლსაც ახალი ცხოვრების თუ არა, ახალი ამბის დასაწყისად მივიჩნევთ ხოლმე. „იისფერი, ალმაცერი და ირიბი“ თოვლის პოეზია ჩვენთვის ყველაზე საგრძნობლად გალაკტიონის ლექსებიდანაა ცნობილი. თოვლთან დაკავშირებული შეგრძნებები ქართველებისთვის საყვარელი თემაა, რადგან „დიკენსის გმირივით ცეცხლთან ჩაფიქრება“- ჩვენთვის გასაგები და მისაღებია, არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ბუხრის წინ ამგვარ ჩაფიქრებამდე სულ მცირე, ხუთი ლიტრი ბახუსი გვჭირდება…
აქვე ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ბაკურიანსა და გუდაურში ერთი თოვლიანი ღამის გატარებისთვის ხელფასის ნახევარი დაგვჭირდება და თუკი ამ დღის შესაბამისად აღნიშვნის ფინანსები არ გაგვაჩნია, ყინულის გრანულიანი კოქტეილი მივირთვათ ქალაქის რომელიმე ცივ კაფეში და ყველა ის თოვლიანი დღე გავიხსენოთ, რასაც ოდესმე ჩვენთვის ცხელი მოგონება დაუტოვებია! თოვლის მოყვარულებს კი ქართული ფილმიდან ნაცნობი დიალოგის შეხსენებით განუგეშებთ:
— თოვლი გიყვარს?
— მოვა!…