ნატა პატარაია
„შეერთებული შტატების კონგრესშიც და სენატშიც უმრავლესობას „რესპუბლიკელები“ წარმოადგენენ, ისინი რადიკალურად არიან განწყობილი რუსეთის მიმართ და მაქსიმალურად გაუწევენ ლობირებას სტრატეგიულ პარტნიორებთან, მათ შორის, საქართველოსთან თანამშრომლობის გაგრძელებას“, — განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
პოლიტოლოგის თქმით, მართალია აშშ-ს მნიშვნელოვანწილად აქვს მიპყრობილი ყურადღება ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენებისკენ, მაგრამ მეორე მხრივ, ინტერესები გააჩნია შავი ზღვის რეგიონისა და საქართველოსადმი მისი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე.
„ერთი იმიტომ, რომ საქართველო უშუალოდ ესაზღვრება რუსეთის ფედერაციას და მეორე — მისი სატრანზიტო მდებარეობიდან გამომდინარე, რაც უფრო მეტად ზრდის ამერიკის ინტერესს საქართველოს მიმართ“, — მიაჩნია ნიკა ჩიტაძეს.
დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტის უფლებამოსილების აღსრულებას შეუდგა. მან აშშ-ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ჯონ რობერტსის თანდასწრებით დადო ფიცი.
70 წლის ბიზნესმენმა ტრამპმა, რომელიც აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი გახდა, ქვეყნის სახელმწიფო მეთაურის პოსტზე ბარაკ ობამა შეცვალა, რომელმაც საპრეზიდენტო უფლებამოსილების ორი ვადა დაასრულა.