თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე მონაწილეობას ყველა ღონისძიებაში მიიღებს, რომელიც აშშ–ის ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიის განრიგით არის გათვალისწინებული, იუწყება სააგენტო „ნოვოსტი–გრუზია“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.
ბაქრაძე აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიას დაესწრება, რომელიც კაპიტოლიუმის დარბაზში გაიმართება.
საზეიმო ღონისძიება თეთრი სახლის წინ გამართული საინაუგურაციო აღლუმით გაგრძელდება. საქართველოს ელჩი აშშ-ში და სხვა ქვეყნების დიპლომატები აღლუმს სპეციალურად მათთვის განკუთვნილი პოდიუმიდან დააკვირდებიან.
დღის ბოლოს დავით ბაქრაძე ოფიციალურ საინაუგურაციო მიღებას ეწვევა.
საქართველოს ელჩი უკვე დაესწრო საინაუგურაციო კომიტეტის ვახშამს და სადღესასწაულო კონცერტს, სადაც იმყოფებოდნენ აშშ–ის ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ პენსი და სხვა ოფიციალური პირები.
საქართველოს ელჩი აშშ–ში ასევე დაესწრება ვაშინგტონის ეროვნულ საკათედრო ტაძარში გამართულ სპეციალურ წირვას, რომელიც 21 იანვარს გაიმართება.
დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიის დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება. ის ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობასთან ადგილობრივი დროით 12:00 საათზე (21:00 თბილისის დროით) დაიწყება. ინაუგურაციის პროცედურა წუთების მიხედვით არის გაწერილი.
ტრამპის წინამორბედთა ინაუგურაციებთან შედარებით ეს ცერემონია უფრო მასშტაბური, მაგრამ ნაკლებად პომპეზური იქნება.