თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. სტამბულის ღამის კლუბში ტერორისტული აქტის განმახორციელებელი, წარმოშობით უზბეკი აბდულჰადირ მაშარიფოვი ჩადენილს არ ნანობს, პირიქით, ის მზადაა კვლავაც გაიმეოროს ტერაქტი, თუ ამის შესაძლებლობა მიეცემა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გაზეთ Hurriyet-ზე დაყრდნობით, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია საგამოძიებო სამსახურში საკუთარი წყაროსგან მიიღო.
ღამის კლუბ Reina-ში ტერორისტული აქტი ახალი წლის ღამეს მოხდა. ავტომატით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა კლუბის დაცვის წევრი პოლიციელი მოკლა, შემდეგ შენობაში შეიჭრა, სადაც 700-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა და ცეცხლი გახსნა. თურქეთის პოლიციის ინფორმაციით, დაიღუპა 30 ადამიანი, ხოლო 69 დაიჭრა.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
თურქეთის ხელისუფლებამ ტერორისტი აბდულჰადირ მაშარიფოვი გასულ სამშაბათს დააკავა.
„ამას ისევ გავაკეთებდი“, — ციტირებს გამოცემა მაშარიფოვის სიტყვებს.
მისი თქმით, ღამის კლუბზე თავდასხმის ბრძანება სმარტფონით მიიღო „ისლამური სახელმწიფოს“ ამირისგან.
როგორც წყარომ Hurriyet-ს აცნობა, მაშარიფოვი მზადაა მეტი ინფორმაცია მიაწოდოს გამოძიებას „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირებზე, თუ თურქეთის ხელისუფლება მის ოთხი წლის ვაჟს იპოვის, რომელიც, მისი თქმით, მისსავე თანამზრახველებთან იმყოფება.