თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. პოლიციელებმა დიაკვან გიორგი ჯახუას სახლში, რომელიც სოფელ სალხინოს დედათა მონასტერში მსახურობს, კანაფი და იარაღი იპოვეს. ამის შესახებ განცხადება პარტია „გირჩის“ ქუთაისის ოფისში გამართულ ბრიფინგზე თავად მღვდელმსახურმა გააკეთა.
როგორც ჯახუამ განაცხადა, 7-8 შეიარაღებულმა პოლიციელმა შესაბამისი ორდერის გარეშე მისი სახლი გაჩხრიკა და იარაღი და კანაფი იპოვა. დიაკვანი ირწმუნება, რომ ორი წელია მძიმედ ავადაა და კანაფს იყენებს, როგორც ტკივილგამაყუჩებელს.
„მე С ჰეპატიტი, В კატეგორიის დიაბეტი, ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნე და ქოლეცისტიტი მაქვს, ამიტომაც მოვიხმარ კანაფს. საერთოდ არ ვსვამ წამლებს“, — განაცახდა ჯახუამ.
მისი სიტყვებით, ჩხრეკის დროს პოლიციელებმა უფლებამოსილებას გადააჭარბეს.
„მათ კარადიდან გამოღებული ტანსაცმლის მორგება დაიწყეს, გამომძიებელმა ქუდი დაიხურა და თქვა, რომ მოსწონს ეს ქუდი. დაიწყეს სურათების გადაღება მცენარეებთან, შემდეგ მეც მაიძულეს, მიმიყვანეს და კანაფის ფონზე სელფი გადაიღეს“, — განაცხადა დიაკვანმა.
რაც შეეხება იარაღს, ჯახუას თქმით, იგი ანტიკვარული იყო და პოლიციელებმა ის ჯიბეში ჩაიდეს და წაიღეს.
მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული მუხლით, რომელიც ოთხიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გირჩის“ წარმომადგენელმა თემურ ცამციშვილმა განაცხადა, რომ პარტია მღვდელმსახურს იურიდიულ დახმარებას გაუწევს.
„ღამის პირველ საათზე ყოველგვარი დოკუმენტის გარეშე მათ (პოლიციელებმა) ჩხრეკა ჩაატარეს. კანაფი ექსპეტიზაზე წაიღეს და დიაკვანი ელოდება, თუ როდის დაიბარებენ პოლიციაში. ჩვენ მას საადვოკატო მხარდაჭერას გავუწევთ და შესაბამის იურიდიულ ზომებს მივიღებთ“, — აღნიშნა ცამციშვილმა.
შსს მომხდარ ფაქტზე კომენტარს არ აკეთებს.