თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. ჭიათურაში, სადაც დაახლოებით 15 ათასი ადამიანი ცხოვრობს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საბაგირო გზების რეკონსტრუქცია დაიწყო, იუწყებიან სამინისტროს პრეს-სამსახურში.
მოსახლეობას და ქალაქის სტუმრებს უკვე 2017 წლის შემოდგომიდან შესაძლებლობა ექნებათ, უსაფრთხო და კომფორტული ტრანსპორტით ისარგებლონ. ჭიათურის რთული მთიანი რელიეფის გათვალისწინებით საბაგირო გზა გადაადგილების ერთ-ერთ ძირითად საშუალებას წარმოადგენს. საბაგირო გზა ჭიათურაში 1954 წელს ამუშავდა და საბჭოთა კავშირში პირველი საბაგირო გზა იყო, რომელიც მგზავრებს ემსახურებოდა.
ჯერ კიდევ 1990 წელს არსებული ხაზები და გონდოლები თანამდროვე სტანდარტებს აღარ შეესაბამებოდნენ და მგზავრებისთვის სახიფათო გახდნენ. 2016 წელს სწორედ ამ მიზეზით საბაგირო გზამ მუშაობა შეწყვიტა.
ოთხი საბაგირო ხაზის საერთო სიგრძე 3428 მეტრს შეადგენს. მათი რეკონსტრუქციისთვის თანამედროვე სტანდარტის მქონე 8 ახალ გონდოლას შეიძენენ. საჭირო ტექნიკასა და დანადგარებს ფრანგული კომპანია Pomagalski S.A. შემოიყვანს. ძველი საბაგირო სისტემების დემონტაჟი უკვე დასრულდა და ახალი სისტემების მონტაჟი დაიწყო.
40 მილიონი ლარის ღირებულების პროექტს საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობები აფინანსებენ.