თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. „ფეისბუქის“ ადმინისტრაციამ ტელეარხ Russia Today-ს 21 იანვრის 10:25 საათამდე (მოსკოვის დროით) დაუბლოკა ინგლისურენოვან გვერდზე იმგვარი პუბლიკაციების გამოქვეყნება, რომლებიც შეიცავს ბმულებს, ფოტო- და ვიდეომასალას, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ტელეარხის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაზე დაყრდნობით.
სოციალური ქსელის ადმინისტრაციის ეს გადაწყვეტილება ვრცელდება იმ დროზე, როდესაც აშშ-ში ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაცია უნდა გაიმართოს.
ტელეარხი აღნიშნავს, რომ „ფეისბუქის“ ამ აკრძალვის თაობაზე ბარაკ ობამას პრესკონფერენციის შემდეგ გახდა ცნობილი.
RT-ს პრეს-რელიზში ასევე გამოთქმულია ვარაუდი, რომ შესაძლოა Facebook-მა შეცდომით დაასკვნა, რომ RT-ს ინაუგურაციის ტრანსლაციის უფლება არ გააჩნია.
„შესაძლოა სოციალური ქსელის ადმინისტრაცია მართლაც შეცდა… მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ტიპის შერჩევითი შეცდომები რუსეთში „ფეისბუქის“ მომხმარებლებისთვის, მათ შორის, ჟურნალისტებისთვის რეგულარულად ხდება“, — განაცხადა ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის აღმასკომის წევრმა ტიმურ შაფირმა.
მისი თქმით, „ფეისბუქის“ ადმინისტრაციის ეს გადაწყვეტილება RT-ს აზიანებს დასავლელი კონკურენტების სასარგებლოდ, ხოლო რუსულენოვან ონლაინ–აუდიტორიას ინფორმაციის მიღებას უზღუდავს.