თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის დღეს, ფიცის დადების შემდეგ ტრადიციული სადილი გაიმართება, რომელზეც მთავარი კერძები იქნება: ამერიკული ასთაკვები (ლობსტერები), ზაფრანის სოუსით შეზავებული კრევეტები და გრილზე შემწვარი, შავ შოკოლადში ამოვლებული მარმარილოსებრი საქონლის ხორცი, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ტელეარხ CNN-ზე დაყრდნობით.
პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, მრავალწლიანი ტრადიციის თანახმად, აშშ-ის კონგრესის ერთობლივი კომიტეტი კაპიტოლიუმის შენობაში პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტისთვის საზეიმო სადილს აწყობს.
ტრადიციას საფუძველი 1953 წელს ჩაეყარა, როდესაც ქვეყნის 34-ე პრეზიდენტად დუაიტ ეიზენჰაუერი აირჩიეს. CNN-ის ინფორმაციით, მაშინ პრეზიდენტს ნაღების სოუსით შეზავებული ქათმის ხორცით, შემწვარი შაშხითა და კარტოფილის კატლეტებით გაუმასპინძლდნენ.
ტრადიციულ სადილზე მიღებულია სადღეგრძელოების, სიტყვების წარმოთქმა და საჩუქრების გადაცემა.
მენიუ, როგორც წესი, დგება პრეზიდენტის მშობლიური შტატის ტრადიციული კერძებისგან. თუმცა დონალდ ტრამპისა და მაიკ პენსის შემთხვევაში მენიუ ძირითადად კალიფორნიის შტატის კლასიკური ვარიანტებისგან შედგება, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი ნიუ-იორკში დაიბადა, ხოლო პენსი — ინდიანაში.
ტრადიციულ სადილს დესერტი დაასრულებს — შოკოლადის სუფლე და ალუბლის ნაყინი. სუფრას დაამშვენებს 2013 წლის შარდონე J. Lohr Arroyo Vista და 2012 წლის კაბერნე სოვინიონი Delicato Black Stallion ლიმიტირებული პარტიებიდან, ასევე „სპეციალური საინაუგურაციო“ კალიფორნიული შუშხუნა ღვინო Korbel Natural.
აშშ-ის ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობასთან.