თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. 2017 წლის 16-17 იანვარს საპოლიციო კონტროლის შედეგად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ გამოვლინდა სისხლის სამართლის 129 დანაშაული, ნათქვამია უწყების ვებ-გერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ორ დღეში სამართალდამცავებმა ამოიღეს 5 ავტომატი, 9 პისტოლეტი, 1 რევოლვერი, 7 შაშხანა, 5 გადაჭრილი სანადირო თოფი, 2 სანადირო თოფი, 1 საფანტის პისტოლეტი.
უკანონო ბრუნვიდან ამოღებულ იქნა ასევე 18 ხელყუმბარა, 3 ყუმბარმტყორცნის ჭურვი, 1 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, 2858 საბრძოლო ვაზნა და სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერებები.
წესრიგის დამცველებმა გამოავლინეს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების 63 ფაქტი; ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ერთი ფაქტი და ქურდობის 15 ფაქტი.
საქართველოს შსს-მ ასევე გამოავლინა ქურდობის მცდელობის ერთი ფაქტი; ოჯახური ძალადობის სამი ფაქტი, ძალადობის ოთხი ფაქტი და ნარკოდანაშაულის 21 ფაქტი.
წესრიგის დამცველებმა ხულიგნობის ორი შემთხვევა გამოავლინეს.
სისხლის სამართლის დანაშაულების გარდა საპოლიციო კონტროლის დროს სამართალდამცველთა მიერ გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 1 088 შემთხვევა, მათ შორის: დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის 24 ფაქტი; ცივი იარაღის ტარების 43 ფაქტი და ნარკოტიკების უკანონო მოხმარების 45 ფაქტი.
საპოლიციო კონტროლის დროს წესრიგის დამცველებმა ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის 22, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 42 პირი დააკავეს.