თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. ამერიკელმა სამერ ზერვოსმა აშშ-ის ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ის ტრამპს შევიწროებაში ადანაშაულებს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გაზეთ Daily Beast-ზე დაყრდნობით.
როგორც გამოცემა იუწყება, განცხადებით სამშაბათს ზერვოსის ადვოკატი გლორია ოლრედი გამოვიდა. სარჩელში ნათქვამია, რომ ტრამპმა ან უნდა აღიაროს თავისი „უკადრისი საქციელი“, ან ეს სასამართლოში გააპროტესტოს.
„2016 წლის 11 ნოემბერს ტრამპს მოვუწოდე, უარი ეთქვა განცხადებებზე, რომლებშიც მან მატყუარა მიწოდა. ასევე ვთხოვე განეცხადებინა, რომ ჩემი ნათქვამი მისი ჩემ მიმართ საქციელის შესახებ სიმართლეა. ორ თვეზე მეტი გავიდა, მას კი ჯერ თავისი სიტყვები არ უარუყვია. მინდოდა ტრამპისთვის შანსი მიმეცა, უარეყო ეს ცრუ განცხადებები ჩემზე და სხვა ქალებზე“, — განაცხადა ზერვოსმა, იუწყება გაზეთი Hill.
ზერვოსის თქმით, მას სხვა არჩევანი აღარ დარჩა, გარდა იმისა, რომ იჩივლოს სასამართლოში, რათა „აღადგინოს საკუთარი რეპუტაცია“.
გასული წლის ოქტომბერში სპეციალურად ორგანიზებულ პრესკონფერენციაზე სამერ ზერვოსმა განაცხადა, რომ 2007 წელს ტრამპმა ის შესაძლო სამსახურის განსახილველად მიიწვია, მაგრამ წაიყვანა ბუნგალოში, სადაც მასთან ინტიმური კავშირი სცადა. ამავე დროს აღინიშნა, რომ ზერვოსი იმ მომენტში ტრამპის წინააღმდეგ საჩივრის დაწერას არ აპირებდა.
საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში გაზეთმა Washington Post-მა გამოაქვეყნა 2005 წლის ჩანაწერი, სადაც ტრამპი ქალების შეურაცხყოფით ამაყობს.
ტრამპი შევიწროებაში ასევე დაადანაშაულეს სხვა ქალებმა. ტრამპმა პირობა დადო, რომ მათ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლებს.