თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. დიდი აიაზმის კურთხევა ოთხშაბათს ჩატარდება, ბრძანა საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას.
„დიდი აიაზმის კურთხევა წელიწადში ორჯერ ხდება, ნათლისღებას და წინა დღეს. ოთხშაბათს იქნება წირვა და წირვის შემდეგ იქნება კურთხევა დიდი აიაზმისა. ხუთშაბათს არის ნათლისღების დღესასწაული“, – ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა მრევლისადმი მიმართვისას, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერით გადაიცა.
19 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ერთ-ერთი უმთავრეს ქრისტიანულ დღესასწაულს – ნათლისღებას აღნიშნავს. ამ დღეს მონათლა იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში იესო ქრისტე.
საზეიმო წირვა საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში დილიდან აღევლინება. სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა დილის 10 საათზე დაიწყება.
წყლის კურთხევა წელიწადში ორჯერ ტარდება – ნათლისღების წინა დღეს და ნათლისღების დღეს – ლიტურგიის შემდეგ. ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება.