თბილისი, 14 იანვარი – Sputnik. ამბროლაურში დღეს აეროპორტი გაიხსნება. 16:00 საათზე ის პირველ თვითმფრინავს მიიღებს და მისი მგზავრი საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იქნება, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
ასაფრენ-დასაფრენი ზოლი ამბროლაურში 6 ოქტომბერს გაიხსნა. პირველი ახალ აეროდრომზე ასევე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თვითმფრინავი დაეშვა.
მთავრობის მეთაური ასევე გახსნის ამბროლაურის აეროპორტის თანამედროვე დიზაინის, სრულიად ახალ სამგზავრო ტერმინალს.
ამბროლაურის აეროპორტი პირველ ეტაპზე მცირე ზომის — 15-20 ადგილიან საჰაერო ხომალდებს მოემსახურება. ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე 1 100 მეტრს შეადგენს, ხოლო აეროპორტის ტერმინალის ფართობი 600 კვ.მ.-ია, ის დაახლოებით 50 მგზავრის ერთდროულად გატარებაზეა გათვლილი.
პერსპექტივაში გათვალისწინებულია უფრო დიდი თვითმფრინავების მიღების შესაძლებლობა, ხოლო მგზავრების ნაკადის ზრდის შემთხვევაში – ტერმინალის გაფართოება.
აეროპორტის გახსნა რაჭა-ლეჩხუმში ტურიზმის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ობიექტია. მისი საშუალებით ტურისტული ნაკადი მნიშვნელოვნად გაიზრდება, გაზრდის რეგიონის სატრანსპორტო ხელმისაწვდომობას, დადებითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასა და რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
საქართველოში ამჟამად ოთხი მოქმედი აეროპორტია. რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გარეუბანში, ცენტრიდან 15 კილომეტრში მდებარეობს.
ალექსანდრე ქართველის სახელობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, ქალაქიდან 2 კილომეტრში მდებარეობს. შიდა და საერთაშორისო რეისების გარდა აეროპორტი თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონების ადგილობრივ ავიაფრენებს ემსახურება.
დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ქალაქის ცენტრიდან დასავლეთით 14 კილომეტრშია.
თამარ მეფის სახელობის მესტიის მცირე აეროპორტი, მხოლოდ ადგილობრივი ავიამიმოსვლისთვის გამოიყენება.