თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ძველით ახალ წელს გურიაში შეხვდა და გურიისა და მთელი საქართველოს მოსახლეობას შობა-ახალი წელი და კალანდობა იქიდან მიულოცა.
ტრადიციული საკალანდო თეატრალიზებული რიტუალი სოფელ ცხემლისხიდში, ქორეოგრაფ გიორგი სალუქვაძის სახლ-მუზეუმში გაიმართა. ღონისძიება ოზურგეთის გამგეობის მიერ იყო ორგანიზებული. მასში მონაწილეობდნენ ადგილობრივი და მოწვეული ანსამბლები: „შემოქმედი“,„იადონი“, „ელესა“,„ურეკი“ და „ზენაარი“, აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის ვებ–გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.
„პირველ რიგში, ვულოცავ ამ ლამაზ დღეს გურიას, გურულებს და გურიასთან ერთად – სრულიად საქართველოს, კიდევ ერთხელ გილოცავთ შობა-ახალ წელს. პირველად ვიღებ მონაწილეობას ამ ლამაზ ღონისძიებაში და ეს ძალიან კარგი გრძნობაა. მინდა, კიდევ ერთხელ, ყველას მივულოცო შობა, ახალი წელი და ვუსურვო ბედნიერება და ყველაფერი საუკეთესო", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კალანდობა, იგივე კალანდრა ახალ წელიწადს ნიშნავს. მას განსაკუთრებულად დასავლეთ საქართველოში — გურიაში აღნიშნავენ.