თბილისი, 1 იანვარი – Sputnik. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შვილთან ერთად სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბისხევში მდებარე პანსიონატს „უზრუნველი სიბერე“ ესტუმრა, ნათქვამია საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
ირაკლი კობახიძემ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშთან, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილთან, პარლამენტის აპარატის უფროს ანრი ოხანაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროს ნიკოლოზ სამხარაძესთან ერთად პანსიონატის ბენეფიციარებს შობა-ახალი წელი მიულოცა და პარლამენტის სახელით პირველადი მოხმარების ნივთები, საკვები პროდუქტები, ტკბილეული და საახალწლო საჩუქრები გადასცა.
„დღეს ვესტუმრეთ ბოდბისხევს, მოვიკითხეთ მოხუცები და ძალიან ძვირფას და საყვარელ ადამიანებს მივულოცეთ შობა-ახალი წელი. მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს, საქართველოს მოსახლეობას შობა-ახალი წელი და ვუსურვო წარმატებები, ბედნიერება და ყოველივე საუკეთესო მომავალ 2017 წელს“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ ხანდაზმულთა პანსიონატში სტუმრობისას.
ბოდბისხევის პანსიონატი „უზრუნველი სიბერე“ 2013 წელს დაარსდა და დღეისათვის აქ 10 ხანდაზმული ცხოვრობს. პანსიონატის დამფუძნებელმა, ლეილა ბოქოლიშვილმა და ბენეფიციარებმა მადლობა გადაუხადეს პარლამენტის თავმჯდომარეს და პარლამენტის წევრებს სტუმრობისა და საახალწლო საჩუქრებისთვის.