თბილისი, 1 იანვარი – Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყნის მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა და აღნიშნა, რომ მოსახლეობას 2017 წლის შეცვლა შეუძლია.
„ცხადია, ახალი წელი არ გვცვლის ჩვენ — ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი ახალი წელი. ჩვენი ძალა ხომ მხოლოდ და მხოლოდ ერთობაში და მოქმედებაშია. ამიტომ, ყველა ერთად უნდა დავდგეთ, როგორც ერთი ძლიერი ოჯახი. მეტად უნდა მოვუსმინოთ ერთმანეთს, რადგან ერთმანეთზე უკეთესად მართლაც ვერავინ გაგვიგებს. ერთად უნდა ვიმოქმედოთ იმიტომ, რომ ჩვენს გასაკეთებელს სხვა მაინც ვერავინ გააკეთებს“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
ახალი 2017 წელი განსაკუთრებული შესაძლებლობების წელი იქნება და ქვეყნის მოსახლეობა საკუთარი ხელით შეძლებს ოცნებებისა და მიზნების რეალობად ქცევას, აღნიშნა პრემიერ–მინისტრმა თავის მიმართვაში.
„მე გპირდებით, რომ 2017 წელი მართლაც იქნება განსაკუთრებული შესაძლებლობების წელი. მე მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენს ხალხს აქვს განსაკუთრებული თვისება გამოიყენოს თითოეული ასეთი შესაძლებლობა, რათა თავისივე ხელით, რეალობად აქციოს საკუთარი ოცნებები და მიზნები.ამ შესაძლებლობების გამოყენებით კი, ჩვენ ერთად ვიქნებით უფრო ძლიერები ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მშობლებისათვის და მოხუცებისათვის, ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეებისთვის, ჩვენი ემიგრანტებისათვის, ჩვენი ძალიან საამაყო ჯარისკაცებისთვის“, – აღნიშნა პრემიერმა.
მოსახლეობამ უნდა გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, რათა საქართველო ეკონომიკურად ძლიერი და ჭეშმარიტად ევროპული ქვეყანა გახდეს, აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.