თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა მისია „მტკიცე მხარდაჭერის“ (Resolute Support) ფარგლებში როტაცია განახორციელა — საქართველოს შეიარაღებული ძალების I ბრიგადის გაძლიერებული ასეული ავღანეთში ჩავიდა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების I ბრიგადის გაძლიერებული ასეული ავღანეთში, ქალაქ მაზარ-ი-შარიფში ბაზა "მარმალზე" გერმანიის სარდლობის ქვეშ განთავსდა. ის II ქვეითი ბრიგადის ასეულს შეცვლის, აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
საქართველოდან სამხედროები თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გააცილეს.
„მე უკვე ორჯერ ვესტუმრე მაზარ-ი-შარიფს და გერმანელი გენერლებისგან ძალიან მაღალი შეფასება მოვისმინე იმ საქმიანობის შესახებ, რომელსაც ჩვენი სამხედროები ადგილზე ეწევიან. დარწმუნებული ვარ, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში აღნიშნული ასეულის მოღვაწეობა სწორედ იმ სამხედრო ტრადიციების და პროფესიონალიზმის განმტკიცება და გაგრძელება იქნება, რასაც ჩვენი შეიარაღებული ძალები საერთაშორისო მისიის ფარგლებში ასრულებენ“, — განაცხადა იზორიამ.
ქართველი სამხედროების ავღანეთში გაცილებისას ჩაჩიბაიამ რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ ბოევიკების მაზარ-ი-შარიფში 2016 წლის ნოემბერში გერმანიის საკონსულოზე შეტევა გაიხსენა, რომელიც ქართველმა სამხედროებმა მოიგერიეს.
„მათი ამოცანა იქნება სწრაფი რეაგირება. ჩვენმა ქვედანაყოფმა სულ ახლახან თავი ისახელა აღნიშნული ამოცანის შესრულებისას, როდესაც მათ გერმანიის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები თავდასხმისგან უსაფრთხოდ გამოიყვანეს და გადაარჩინეს“, — აღნიშნა ჩაჩიბაიამ.
„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისთვის მომზადება ასეულმა ჯერ საქართველოში, მანავში, რეინჯერთა მომზადების სკოლაში სამი თვის განმავლობაში ქართველი ინსტრუქტორების ზედამხედველობით გაიარა, შემდეგ კი მზადება ხუთი თვის განმავლობაში გერმანიაში, 37-ე ბრიგადის დისლოკაციის ადგილზე გერმანელი ინსტრუქტორების ზედამხედველობით მიმდინარეობდა.
ასეულის პირადი შემადგენლობის გადასროლისწინა წვრთნა გერმანიაში სამ ფაზად იყო დაყოფილი. სამხედროებმა ინდივიდუალური, ათეულის, ოცეულის და ასეულის დონის შემაჯამებელი სწავლებები გაიარეს, მათ შორის, სამედიცინო, საცეცხლე, საინჟინრო, კავშირგაბმულობა, ტაქტიკური სწავლება ყველა დონეზე და სწავლებაზე ორიენტირებული მეცადინეობებისთვის სამეთაურო რგოლის შეკრება.
ასეულმა გერმანელი ინსტრუქტორების ზედამხედველობით ორჯერ განახორციელა ოცეულის და ასეულის დონის ტაქტიკური სწავლება, რომლის სცენარიც რეალურ სიტუაციასთან იყო მიახლოებული.
„მტკიცე მხარდაჭერა“ (Resolute Support) ნატოს არასაომარი მისიაა, რომელიც ავღანეთის სამთავრობო ძალების სწავლებასა და დახმარებას ითვალისწინებს. მისია აშშ–ისა და მისი მოკავშირეების საომარი სტადიის დასრულების შემდეგ, 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. ამჟამად ნატოს მისიაში 870 ქართველი სამხედრო მონაწილეობს.