თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. კალათბურთში საქართველოს ნაკრების კაპიტანი და NBA-ს „გოლდენ სტეიტ უორიორზის“ ცენტრალური თავდამსხმელი ზაზა ფაჩულია გულშემატკივართა კენჭისყრის დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ მეორე ადგილს ინარჩუნებს. კენჭისყრამ უნდა განსაზღვროს NBA-ს ვარსკვლავთა მატჩში მონაწილის ვინაობა, იუწყება Р-Спорт ლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაყრდნობით.
გასულ სეზონზე ქართველმა გულშემატკივრებმა ფაჩულიას ვარსკვლავთა მატჩში მონაწილეობის მხარდასაჭერად აქცია გამართეს, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც კი მიიღო მონაწილეობა, მაგრამ საბოლოოდ 32 წლის კალათბურთელს დაახლოებით 15 ათასი ხმა დააკლდა.
ამჟამად ზაზა ფაჩულიას 823 ათასზე მეტი ხმით დასავლეთის კონფერენციის „დიდ“ მოთამაშეებს შორის მეორე ადგილი უკავია და მხოლოდ „უორიორზის“ მოთამაშე კევინ დიურენტს ჩამორჩება (987 ათასზე მეტი).
ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე სამ სასტარტო მოთამაშეს შორის მოხვედრის პრეტენდენტები ასევე არიან კავაი ლენარდი (630 ათასი), ენტონი დევისი (567 ათასი), დეიმონდ გრინი (464 ათასი) და დემარკუს კაზინსი (379 ათასი).
ზაზა ფაჩულიასთვის ხმის მიცემა შესაძლებელია შემდეგნაირად:
• „ფეისბუქისა“ და „ტვიტერში“ — საკუთარ გვერდებზე დაწერეთ #NBAVOTE Zaza Pachulia;
• Google-ში: საძიებელში ჩაწერეთ NBA Vote All-Star, შემდეგ გუნდებიდან ირჩევთ „გოლდენ სტეიტ უორიორზს“, ბოლოდ კი ზაზა ფაჩულიას და აძლევთ მას ხმას;
• NBA-ს ოფიციალურ საიტზე: შედით მისამართზე nba.com/vote და ხმას აძლევთ ზაზა ფაჩულიას.
დაიმახსოვრეთ: ხმის მიცემა 24 საათში ერთხელ შეგიძლიათ.
ხმის მიცემის პირველი ეტაპი 16 იანვარს დასრულდება, 19 იანვარს კი გუნდების სასტარტო შემადგენლობები გამოცხადდება.
ვარსკვლავთა მატჩის დანარჩენი მონაწილეები NBA-ს კლუბების მწვრთნელების კენჭისყრით შეირჩევიან და 26 იანვარს დასახელდებიან.
ვარსკვლავთა მატჩი 19 თებერვალს გაიმართება ნიუ-ორლეანში.