ევროპარლამენტი 2 თებერვალს საქართველოსთვის ვიზების გაუქმებას კენჭს უყრის

CC BY 2.0 / Mike SteeleFollow / EU Flagევროპარლამენტი
ევროპარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული მხარე კმაყოფილია, რომ ევროკავშირი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხზე ოპერატიულად მუშაობს.

თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. ევროპის პარლამენტი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხზე კენჭისყრას სტრასბურგში პლენარულ სხდომაზე 2 თებერვალს გამართავს, აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ ცნობაში.

გუშინ ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საკითხების კომიტეტმა (LIBE) ხმათა დიდი უმრავლესობით დაამტკიცა რეგულაციის ცვლილების საბოლოო ტექსტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას. აღნიშნული ცვლილების პროექტი შეთანხმდა 2016 წლის 13 დეკემბერს ევროკომისიას, ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს შორის.

„მივესალმებით, რომ ევროკავშირის ინსტიტუტებში საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის საჭირო პროცედურები შეუფერხებლად, მაქსიმალურად ოპერატიულად მიმდინარეობს“, — ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ევროპარლამენტი - Sputnik საქართველო
ევროკავშირმა საქართველოსთვის ვიზების გაუქმების გზაზე კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა

დადგენილი პროცედურებით, ევროპარლამენტში კენჭისყრის შემდეგ რეგულაცია ფორმალურად უნდა დაამტკიცოს ევროკავშირის საბჭომ მინისტრების დონეზე.

რეგულაცია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში მას შემდეგ გამოქვეყნდება, რაც საკანონმდებლო ცვლილებს ევროპარლამენტის პრეზიდენტი და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის (ნიდერლანდები) წარმომადგენელი მოაწერენ ხელს. რეგულაცია გამოქვეყნებიდან 21 დღეში ამოქმედდება.

ექსპერტების პროგნოზით, უვიზო რეჟიმი საქართველოსთვის 2017 წლის აპრილიდან ამოქმედდება — საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში 180 დღის მანძილზე 90 დღით ყოფნის შესაძლებლობა ექნებათ.

ყველა ახალი ამბავი
0