ევროკავშირმა საქართველოსთვის ვიზების გაუქმების გზაზე კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა

© photo: Sputnik / Stringerევროპარლამენტი
ევროპარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საკითხების კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეგულაციის ცვლილების საბოლოო ტექსტს, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დაწესებას ითვალისწინებს.

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საკითხების კომიტეტმა (LIBE) ხმათა დიდი უმრავლესობით დაამტკიცა რეგულაციის ცვლილების საბოლოო ტექსტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას, აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ევროკავშირის ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების კავშირთან არსებულმა კომიტეტი (COREPER) 2016 წლის 20 დეკემბერს დაეთანხმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით რეგულაციების ცვლილების მიღებას. აღნიშნული ცვლილების პროექტი შეთანხმდა 13 დეკემბერს ევროკომისიას, ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს შორის.

ევროკავშირის დროშა - Sputnik საქართველო
ევროკავშირმა საქართველოსა და უკრაინას უვიზო რეჟიმი, შესაძლოა, გაზაფხულზე წარუდგინოს

„მივესალმებით დღევანდელი კენჭისყრის შედეგებს და მოხარული ვართ, რომ ევროკავშირის ინსტიტუტებში საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის აუცილებელი პროცედურები შეუფერხებლად მიმდინარეობს. ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოსაღებად“, — აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.

შემდგომი პროცედურის თანახმად, შესაბამისი რეგულაციის ცვლილებას ევროპარლამენტი კენჭს უყრის უახლოეს პლენარულ სესიაზე, რის შემდეგაც განახლებულ რეგულაციას ევროკავშირის საბჭო მინისტრების დონეზე ფორმალურად დაამტკიცებს.

რეგულაცია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში მას შემდეგ გამოქვეყნდება, რაც საკანონმდებლო ცვლილებს ევროპარლამენტის პრეზიდენტი და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის (ნიდერლანდები) წარმომადგენელი მოაწერენ ხელს. რეგულაცია გამოქვეყნებიდან 21 დღეში ამოქმედდება.

„თებერვალში ველოდებით ევროპარლამენტის საბოლოო კენჭისყრას! მარტიდან კი უვიზო რეჟიმის ამოქმედებას!“ — დაწერა Facebook-ში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ჟურნალისტმა ბრიუსელში ქეთევან ქარდავამ.

ექსპერტების პროგნოზით, უვიზო რეჟიმი საქართველოსთვის 2017 წლის აპრილიდან ამოქმედდება — საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში 180 დღის მანძილზე 90 დღით ყოფნის შესაძლებლობა ექნებათ.

ყველა ახალი ამბავი
0