თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. თბილისში 15 იანვარს უფასო ბაზრობა გაიმართება. აქ ადამიანებს შეუძლიათ მიიტანონ საკუთარი ნივთები და წაიღონ სხვისი მოტანილი ნივთები.
ღონისძიების სლოგანია Reduce, Reuse, Recycle! (შემცირება, ხელმეორე გამოყენება, რეცირკულაცია), იუწყებიან ორგანიზატორები.
„უფასო ბაზრობა ფუნქციონირებს ჩუქების ეკონომიკის პრინციპით, ვაჭრობისა და ფულის მონაწილეობის გარეშე. ეს არის ფულზე დამყარებული ეკონომიკის ალტერნატივა. ასევე ღონისძიება ერთგვარი პროტესტია გადაჭარბებული მოხმარების წინააღმდეგ, რასაც კაპიტალისტურ სისტემაში დამკვირდებული კონსიუმერისტული ცხოვრების წესი გვთავაზობს“, — აღნიშნულია ორგანიზატორების განცხადებაში.
მსურველებს მოუწოდებენ, მოიტანონ მხოლოდ ვარგისი ნივთები. ეს შეიძლება იყოს წიგნი, ტანსაცმელი, აქსესუარი, ფეხსაცმელი, ტექნიკა, საყოფაცხოვრებო ნივთები და სხვა.
ამასთან, აუცილებელი არ არის, რაიმე აიღოთ სანაცვლოდ, შეგიძლიათ სხვას გაუზიაროთ ის, რაც თქვენთვის საჭირო აღარ არის, მაგრამ სხვას შეიძლება გამოადგეს, აღნიშნავენ ორგანიზატორები.
ღონისძიების ორგანიზატორია Generator 9.8, ასევე საზოგადოება Really Really Free Market და მეორადი საქონლის მაღაზია Day Off.