თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. თეატრისა და კინოს გამოჩენილ რუს მსახიობს, პედაგოგს, სსრკ-ის სახალხო არტისტს ევგენი ლებედევს გაიხსენებენ თბილისში მის დაბადების დღეზე — 15 იანვარს.
გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი ლებედევის დაბადებიდან ასი წლის იუბილეს ლევ ტოლსტოის მოთხრობის მოტივებზე დადგმულ სპექტაკლს „ხოლსტომერი. ცხენის ისტორია“ მიუძღვნის.
სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია ავთანდილ ვარსიმაშვილი. წარმოდგენაში დაკავებული არიან გრიბოედოვის თეატრის წამყვანი და ახალგაზრდა მსახიობები.
სპექტაკლის პრემიერა 2012 წლის 14 აპრილს გაიმართა. მას შემდეგ ის აჩვენეს რუსეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსსა და სხვა ქვეყნებში. 2013 წელს სპექტაკლმა რუსეთში XI საერთაშორისო თეატრალური ფორუმის „ოქროს რაინდის“ გრან-პრი მიიღო.
დადგმაში მონაწილეობენ მსახიობები აპოლონ კუბლაშვილი, ვალერი ხარიუტჩენკო, ლუდმილა არტემოვა-მღებრიშვილი, ლაშა გურგენიძე, მიხეილ არჯევანიძე, ანა არუთუნიანი-ნიკოლავა და სხვები.
ევგენი ლებედევი 1917 წელს ქალაქ ბალაკოვოში (ამჟამად სარატოვის ოლქი) მღვდლის ოჯახში დაიბადა. 1940 წელს დაამთავრა მოსკოვის საქალაქო თეატრალური სასწავლებელი. იმავე 1940 წლიდან ის მუშაობდა თბილისის მოზარდ-მაყურებელთა რუსულ თეატრში, სადაც რამდენიმე წელში წამყვანი მსახიობი გახდა.
1949 წლიდან მსახიობი ლენინგრადის თეატრის დასის წევრი გახდა, 1956 წლიდან — გორკის სახელობის დიდი დრამატული თეატრის. სწორედ ამ თეატრის სცენაზე შეასრულა მან ხოლსტომერის როლი ტოვსტონოგოვის დადგმულ სპექტაკლში „ცხენის ისტორია“.
ლებედევი მრავალ ფილმშია გადაღებული, მათ შორისაა „ორი კაპიტანი“, „ბლოკადა“ და სხვა.
ლებედევი 1997 წლის 9 ივნისს გარდაიცვალა. დაკრძალულია სანქტ-პეტერბურგში.