თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. თბილისში, საბურთალოს რაიონში, ცინცაძის ქუჩაზე პოლიციელი დაჭრეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ პროკურატურის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
თვითმხილველების ინფორმაციაზე დაყრდნობით ქართული მასმედია იტყობინება, რომ პოლიციელი ცინცაძის ქუჩაზე (ყოფილი საბურთალოს ქუჩა) ფეხით მიდიოდა, როდესაც სამი მოქალაქე დაინახა. ისინი საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ. პოლიციელმა მათ წესრიგისკენ მოუწოდა, რამაც მათი მხრიდან აგრესია გამოიწვია. შედეგად პოლიციელი დანით დაჭრეს.
„ინციდენტი გუშინ მოხდა. საქმეს თბილისის პროკურატურა იძიებს. გამოძიება მიმდინარეობს მუხლით „განზრახ მკვლელობის მცდელობა“, — განაცხადა პროკურატურის პრეს-სამსახურის თანამშრომელმა ნათია სუხიაშვილმა.
დამნაშავეებს 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.
პოლიციის თანამშრომელი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს და ოპერაცია ჩაუტარეს.