თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. თბილისში ვარდების მოედანთან განლაგებული ღამის კლუბების მენეჯერებმა უარყვეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადება კანონის დარღვევის შესახებ.
კვირიკაშვილმა ოთხშაბათს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ ღამის კლუბებში არსებულ ვითარებაში გარკვევა დაავალა. მისი თქმით, იქ არ უშვებენ ქართველ მამაკაცებს, ხოლო არასრულწლოვანი გოგონები პროსტიტუციაში არიან ჩართული.
„არ არსებობს ერთი ადამიანიც, რომელიც იტყვის, რომ მე Bank-ში არ ჩამიშვეს იმიტომ, რომ ვარ ქართველი. კი, ბატონო, როცა ერთი ადამიანია, იმას დაახლოებით 50 ლარს ლიმიტს ვეუბნებით. მე არ მინდა გავაცდინო არც ბართან სკამი, არც მაგიდა ერთი ყავის გულისთვის, ან, თუნდაც, ხუთი კაცი რომ ერთ ლუდს დალევს“, — განაცხადა კლუბ The Bank Club-ის მენეჯერმა ლელა მოსეშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ასევე Online Club-ის მენეჯერმა თამარ შეყილაძემ.
„ჩვენ აქ ასაკობრივი შეზღუდვები გვაქვს. შეუძლებელია ვინმე 18 წელს ქვევით შევიდეს, რადგან განსაზღვრული წესები გვაქვს. ანუ, დაცვას უნდა წარუდგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. არ მგონია, რომ პროსტიტუცია ხდებოდეს. ჩვენთან არიან გოგონები, რომლებიც ცეკვავენ და მღერიან“, — განაცხადა შეყილაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
ზემოაღნიშნულ კლუბებში დროს ძირითადად უცხოელები — აღმოსავლეთის ქვეყნების წარმომადგენლები ატარებენ.
ამ კლუბებთან, მათი დახურვის მოთხოვნით, ადრე არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ამ კლუბების ხელმძღვანელებს ადანაშაულებდნენ იმაში, რომ ისინი შეზღუდვებს აწესებენ ეროვნული ნიშნით და პროსტიტუციას უწყობენ ხელს.