ნატა პერტაია
„ვარდების მოედნის“ ქვეშ მდებარე ღამის კლუბებში არსებულ სიტუაციას თავმოყვარე ერი არ უნდა ეგუებოდეს, მიაჩნია საზოგადოებრივი მოძრაობა „ეროვნული ფრონტის“ ხელმძღვანელს ევგენი მიქელაძეს.
„მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას „ვარდების მოედნის“ ქვეშ მდებარე ღამის კლუბებში არსებულ სიტუაციაზე და ვთვლი, რომ ამას თავმოყვარე სახელმწიფო და ერი არ უნდა ეგუებოდეს. ამავე დროს კანონი ერთნაირი უნდა იყოს ქართველებისთვისაც და უცხოელებისთვისაც“, — განაცხადა ევგენი მიქელაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისში ვარდების მოედანთან მდებარე ღამის კლუბებში არსებული სიტუაციის გარკვევა დაავალა. მისი თქმით, იქ ქართველ მამაკაცებს არ უშვებენ და არასრულწლოვანი გოგონების პროსტიტუციაში ჩართვა ხდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ კლუბებში, ძირითადად, აღმოსავლეთის ქვეყნების წარმომადგენლები ერთობიან.
კლუბები საზოგადოების ყურადღების ცენტრში ჯერ კიდევ 2013 წელს მოხვდა და სოციალურ ქსელში საპროტესტო აქციაც კი დაიგეგმა, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი „ეროვნული ფრონტი“ იყო.
ევგენი მიქელაძის თქმით, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველ მამაკაცებს კლუბებში იმ ქართველი ქალების სურვილიდან გამომდინარე არ უშვებდნენ, რომლებიც იქ მუშაობდნენ აღმოსავლეთის ქვეყნების წარმომდგენლებისთვის ან უბრალოდ დროის გასატარებლად იყვნენ მისული.
„კლუბის დაცვა მაშინ ჩვენი მოძრაობის ორ წევრს ფიზიკურად გაუსწორდა და საქმე ლამის იარაღის გასროლამდეც კი მივიდა. რომ არა პოლიცია, შეიძლება ამ ინცინდენტის დროს უფრო მეტი ადამიანი დაშავებულიყო“, — აღნიშნა მიქელაძემ.
როგორც „ეროვნული ფრონტის“ ხელმძღვანელი იგონებს, 2013 წელს ამ აქციებმა გარკვეული შედეგი გამოიღო და კლუბების რაღაც ნაწილი გარკვეული პერიოდი დაიკეტა კიდეც.
საქართველოს პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ რომან გოცირიძე კი თვლის, რომ კლუბში ქართველ ვაჟკაცს შეუშვებენ თუ უცხოელს, ეს არის კლუბის მეპატრონის ნება.
„… არ უშვებენ იმიტომ, რომ დალეწეს იქაურობა, როცა „ქართველი დაიკოები” უცხოელების გვერდით ნახეს, თუმცა, არც თვითონ იტყოდნენ უარს მათთან ურთიერთობაზე. პრემიერის მხრიდან საუბარი, რომ ჩვენ დასაკარგი შვილები არა გვყავს, ეს იყო პირდაპირი მინიშნება პროსტიტუციაზე, რაც ულახავს ამ კლუბებს რეპუტაციას, რომლებიც სინამდვილეში დასასვენებელი დაწესებულებებია და სადაც უამრავი ტურისტი ჩამოდის გასართობად“, — წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.
დეპუტატის აზრით, მოწოდება პოლიციისადმი, რომ მიხედონ ამ საკითხს, არის პირდაპირი დავალება მათი საქმიანობის შესაზღუდად, რაც ყოვლად დაუშვებელია.