თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით საქართველოში არსებული 14 სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლის ბაზაზე სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია ”ფაბლაბი” მოეწყო, იუწყება სამინისტროს პრეს-სამსახური.
პროექტი განხორციელდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დახმარებით. თბილისის გარდა, „ფაბლაბები“ გაიხსნა რეგიონებში (წალენჯიხა, მესტია, გურჯაანი, ახალციხე, ბათუმი, ქობულეთი, ქუთაისი, ფოთი, რუსთავი, ამბროლაური) მდებარე პროფესიულ კოლეჯებში.
სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია არის უნიკალური სივრცე, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე კომპიუტერებით, სპეციალური დანადგარებით, სადაც სტუდენტები საკუთარი პროექტების ხორცშესხმას შეძლებენ.
პროექტი „ფაბლაბი” საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ 2014 წელს დაიწყო, პირველი ლაბორატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაარსდა, რის შემდეგაც სააგენტომ საქართველოს მასშტაბით 22 ლაბორატორია შექმნა.
14 ფაბლაბის ერთდროულად გახსნა უპრეცედენტო შემთხვევაა მთლიანად რეგიონში. ამ ფაქტის შემდეგ საქართველო მსოფლიო ფაბლაბების რეიტინგში, ლაბორატორიების რაოდენობის მიხედვით, მე-10 ადგილზე ინაცვლებს.