თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. საქართველოს წყალბურთის ეროვნულმა ნაკრებმა იტალიის ნაკრებთან სტუმრად 5:14 წააგო. მატჩი მსოფლიო ლიგის წინასწარი ეტაპის ფარგლებში გაიმართა, აღნიშნულია სპორტის საწყლოსნო სახეობების საერთაშორისო ფედერაციის (FINA) ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.
ქართველმა წყალბურთელებმა იტალიელებს ღირსეული მეტოქეობა მხოლოდ პირველ მეოთხედში გაუწიეს, რომელიც ანგარიშით 2:1 მოიგეს. შეხვედრის დანარჩენ დროს აუზში მასპინძლები დომინირებდნენ (5:1, 3:1, 5:1).
საქართველოსა და იტალიის გარდა С ჯგუფში გამოდის რუსეთის ნაკრები. ჯგუფის მეოთხე მოთამაშე თურქული გუნდი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მან მსოფლიო ლიგაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
იტალიაში დამარცხება საქართველოს ნაკრებისთვის ტურნირის ფარგლებში მეორე გახდა. ნოემბრის შუა რიცხვებში ქართველებმა რუს სპორტსმენებთან 13:14 წააგეს.
შემდეგ გასვლით მატჩს საქართველოს ნაკრები რუსეთის წინააღმდეგ 14 თებერვალს გამართავს, ხოლო დასკვნითი შეხვედრა იტალიელების წინააღმდეგ თბილისში 4 აპრილს გაიმართება.
მსოფლიო ლიგის შემდეგ ეტაპზე ჯგუფის გამარჯვებული გადადის.