თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. ქართველ წყალბურთელთა ეროვნულმა გუნდმა თბილისში რუსეთის წყალბურთელთა ნაკრებთან 2017 წლის მსოფლიო ლიგის წინასწარი ეტაპის შეხვედრა წააგო – 13:14.
მატჩი თანაბარი გამოდგა. სტუმრები მხოლოდ პირველ მეოთხედში გავიდნენ წინ — 4:3, თუმცა სწორედ ამ მეოთხედმა გადაწყვიტა მატჩის ბედი — დანარჩენი სამი მეოთხედი ფრედ დასრულდა (2:2, 5:5, 3:3). შეხვედრის კულმინაცია საფინალო სასტვენამდე 54 წამით ადრე დადგა, როცა მიხეილ ბაღათურიამ ბრწყინვალე სროლით გაათანაბრა ანგარიში და ქართველ გულშემატკივრებს მატჩის მოგების იმედი გაუღვიძა.
მაგრამ დასკვნით შეტევაში სტუმრებმა მაინც მოახერხეს საპასუხო გოლის გატანა. მასპინძლებს კიდევ 14 წამი ჰქონდათ დარჩენილი რევანშისთვის, თუმცა გატანა ვერ მოახერხეს.
საპასუხო მატჩი ქართველ და რუს წყალბურთელებს შორის მომავალი წლის თებერვალში გაიმართება.
საქართველოსა და რუსეთის გარდა С ჯგუფში იტალიის გუნდიც მონაწილეობს. კვარტეტში მეოთხე ნაკრები თურქეთის გუნდი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მან უარი თქვა მსოფლიო ლიგაში მონაწილეობაზე.
ევროპის ქვეყნების საუკეთესო წყალბურთელთა 11 ნაკრები 3 ჯგუფადაა გაყოფილი. მსოფლიო ლიგის შემდეგ რაუნდში მხოლოდ ყოველი ჯგუფის გამარჯვებული გადადის. ასე გამოვლენილ სამ საუკეთესო ევროპულ გუნდს 4 არაევროპული ქვეყნის ნაკრები და 2017 წლის მსოფლიო ლიგის მასპინძელი ქვეყნის ნაკრები შეუერთდებიან. საერთაშორისო ტურნირების ჩატარების თარიღს FINA მოგვიანებით გამოაცხადებს.