თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის დეპუტატებს ყოველწლიური გამოსვლით საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე, 7 თებერვალს მიმართავს, განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერით.
რეგლამენტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლით იხსნება. მეცხრე მოწვევის პარლამენტისთვის ეს პირველი მსგავსი გამოსვლა იქნება. მარგველაშვილი 2016 წლის შედეგებს შეაჯამებს.
„პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით ჯერ ჩვენ საქართველოს პარლამენტთან კონსულტაციები არ დაგვიწყია. როგორც კი გვექნება ამასთან დაკავშირებით განვითარება, საზოგადოება ამას დროზე გაიგებს. ბუნებრივია, საკითხები ასახავს ყველა იმ მნიშვნელოვან თემას, რომელიც ქართველ ხალხს ადარდებს. კონკრეტულად ეს რაში გამოიხატება, დღეს ვერ გეტყვით“, — განაცხადა ანა დოლიძემ.
საქართველოს პრეზიდენტსა და „ქართულ ოცნებას“ შორის დიდი ხანია დაძაბული ურთიერთობაა. უკანასკნელად ურთიერთობები გაფუჭდა მას მერე, რაც პარლამენტის ახალი თავჯდომარე ირაკლი კობახიძე და მმართველი პარტია პრეზიდენტის ადმინისტრაციას ვერ შეუთანხმდა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ბოიკოტს უცხადებს კომისიის მუშაობას, რომელიც, საქართველოს კონსტიტუციაში შესატან სხვა დანარჩენ შესწორებასთან ერთად, პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის გაუქმების საკითხის განხილვას აპირებს.