თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განიხილეს თურქეთში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა, იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მწუხარება გამოთქვა უკანასკნელ პერიოდში თურქეთში მომხდარი ტერორისტული აქტების გამო, რის შედეგადაც დაიღუპა და დაშავდა არაერთი ადამიანი. მიხეილ ჯანელიძემ თანადგომა გამოუცხადა თურქ ხალხს და ქვეყნის მთავრობას.
თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა მიხეილ ჯანელიძეს თურქეთში 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის დროს საქართველოს მიერ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის.
ბინალი ილდირიმმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა. მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს საქართველოს საკითხებზე თურქეთის მტკიცე პოზიციისთვის როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში.
შეხვედრისას მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს, ხელი შეუწყონ სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ორხმრივი თანამშრომლობის სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. ამ მხრივ მიმოხილულ იქნა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფართოების სპეციფიკა, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის პირველი ეტაპის დასრულების სავარაუდო ვადები და სხვა ეკონომიკური პროექტების იმპლემენტაციის მიმდინარეობა.
ორივე მხარემ დაადასტურა მზადყოფნა, გაგრძელდეს მუშაობა მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს ფარგლებში, რომლის მორიგ შეხვედრას საქართველო მიმდინარე წელს უმასპინძლებს.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს სხვადასხვა ფორმატებში ქვეყნებს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე, მათ შორის აღნიშნეს, რომ აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი ფორმატი სცდება რეგიონულ თანამშრომლობას და იძენს უფრო ფართო, საერთაშორისო მნიშვნელობას.
თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები თურქეთის პრეზიდენტთან და საგარეო უწყების ხელმძღვანელთან. მიხეილ ჯანელიძე აგრეთვე მონაწილეობას მიიღებს და სიტყვით გამოვა თურქეთის ელჩების ყოველწლიურ კონფერენციაზე.