თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში უარყვეს საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის თენგიზ ფხალაძის განცხადება აფხაზეთში, სოფელ წებელდაში სამხედრო პოლიგონის მშენებლობის თაობაზე, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, მოგვიანებით კი მისმა მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ აფხაზეთში, მეცხრამეტე საუკუნის პოლონური სასაფლაოს დანგრევას ვანდალიზმის ფაქტი უწოდეს.
„სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურში გაოცება გამოიწვია განცხადებამ. არანაირი სამშენებლო ან სხვა სახის სამუშაოები აფხაზეთში, სოფელ წებელდაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მე-7 სამხედრო ბაზის ინტერესებში არ მიმდინარეობს და არც იგეგმება“, —ნათქვამია სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის განცხადებაში.
საქართველოს პრეზიდენტმა მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, იუნესკოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რეაგირება მოახდინონ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე.