თბილისი, 10 იანვარი— Sputnik. თავისუფალი სტილით ქართველმა მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, რომელმაც რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა, ახალი სეზონი თავის წონით კატეგორიაში (–57 კგ) მსოფლიო რეიტინგის ლიდერის რანგში დაიწყო, ნათქვამია UWW ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ცნობაში.
რიოში მოპოვებული ოქროს გარდა 2016 წელს ხინჩეგაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში „ევროპის ერთა თასი“ მოიგო და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულიც გახდა.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ უკვე მიმდინარე წლის იანვარში ხინჩეგაშვილმა მორიგი გამარჯვებები მოიპოვა. ინდოეთში დაწყებულ Pro Wrestling League–ში ხინჩეგაშვილმა, რომელიც „პენჯაბ როიალსის“ კლუბის სახელით ასპარეზობს, ორი ორთაბრძოლა მოიგო, მის გუნდს კი სატურნირო ცხრილის მესამე შუალედური ადგილი უკავია, იუწყება ტურნირის ოფიციალური ვებ-გვერდი.
61 კგ-მდე წონით კატეგორიაში მსოფლიო რეიტინგის მეორე პოზიციაზეა ბექა ლომთაძე, რომელმაც 2016 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა და „ევროპის ერთა თასის“ გამარჯვებული გახდა.
მსოფლიო ლიდერთა სამეულში კიდევ ერთი ქართველი მოჭიდავე, მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი (–125 კგ) მოხვდა, რომელმაც რიოს ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მიოპოვა. მსოფლიო რეიტინგში პეტრიაშვილზე წინ არიან 2016 წლის ოლიმპიადის ფინალისტები თურქი ტაჰა აკგული და ირანელი კამილ გასემი.