პარტიების მიერ მიღებულმა შემოწირულობებმა 2016 წელს 34,4 მილიონი ლარი შეადგინა

© photo: Sputnik / Levan Avlabreli"ქართული ოცნება"
ქართული ოცნება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველაზე მეტი შემოწირულობა მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ მიიღო.

თბილისი, 10 იანვარი— Sputnik. საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის მონაცემებით, 2016 წელს 60-მა ქართულმა პარტიამ 34,4 მილიონი ლარის შემოწირულობა მიიღო, იუწყება სამსახურის ვებ-გვერდი.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ მიღებული შემოწირულობებით პირველ ადგილზეა — 2016 წელს ქვეყნის მოქალაქეებმა პარტიას დაახლოებით 23 მილიონი ლარი გადაურიცხეს.

50 ლარიანი კუპიურები - Sputnik საქართველო
სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 პარტია დაფინანსდება

შემდეგ მოდის პაატა ბურჭულაძის მიერ დაფუძნებული პარტია — „სახელმწიფო ხალხისათვის“. მან 4,5 მილიონი ლარის შემოწირულობები მიიღო.

გარდა ამისა, შემოწირულობების მიხედვით ლიდერთა შორის არიან „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ (1,6 მილიონი ლარის შემოწირულობა) და ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (1,1 მილიონი ლარი).

ყველაზე ნაკლები შემოწირულობა — 5 ლარი — მიღებული აქვს პარტიას „განახლებული საქართველოსთვის“.

პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახური პოლიტიკური პარტიებისთვის გადარიცხული შემოწირულობების კანონიერების გასაკონტროლებლად შეიქმნა.

საქართველოში არსებული პოლიტიკური პარტიები ვალდებული არიან სამსახურს სრული ანგარიში წარუდგინონ როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისგან მიღებული შემოწირულობებისა და საკუთარი შემოსავლების შესახებ. ფინანსური მონიტორინგის სამსახური აღნიშნულ ინფორმაციას საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.

ყველა ახალი ამბავი
0