მოწოდებით პედაგოგი - გაგა შეთეკაური მაღალმთიანი სოფლის მასწავლებელია

© FB/ გაგა შეთეკაურიინგლისური ენის მასწავლებელი გაგა შეთეკაური სოფელ შუაფხოში
ინგლისური ენის მასწავლებელი გაგა შეთეკაური სოფელ შუაფხოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთებზე და თავის პროფესიაზე შეყვარებული 25 წლის ინგლისური ენის მასწავლებელი გაგა შეთეკაური მაღალმთიანი სოფლების განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანას მოვალეობად მიიჩნევს. მისი თქმით, ასეთ სოფლებში იბადებიან და იზრდებიან განსაკუთრებული შინაგანი სამყაროს მქონე ადამიანები.

მთებსა და ვიწრო ბილიკებს შორის ზღვის დონიდან 1320 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს ულამაზესი სოფელი შუაფხო. ადგილობრივ მკვიდრთა რაოდენობა 35 ადამიანსაც ვერ აღწევს, თუმცა, მოსახლეობის სიმცირისა და რთული საყოფაცხოვრებო და ინფრასტრუქტურული პირობების მიუხედავად, სოფელში სკოლა მაინც ფუნქციონირებს.

სკოლის შენობას შეკეთება სჭირდება. სოფელში ზამთარში ჰაერის ტემპერატურა მინუს 20 გრადუსამდეც ეცემა, სკოლაში კი ცენტრალური გათბობა არ არის და კლასები შეშის ღუმელებით თბება. სოფლის სკოლას კადრების პრობლემებიც გააჩნია.

შაკო მეშველაშვილი - Sputnik საქართველო
ყველაზე პატარა ფერმერი საქმის გაფართოებაზე ოცნებობს

ადგილობრივი პედაგოგები შეუაფხოში პრაქტიკულად არ არიან, სოფლის სკოლაში მუშაობაზე კი, სადაც არ არის ნორმალური გზები, მაღაზიები, გათბობა, ცოტა ვინმე თანხმდება. აქ უბრალოდ პედაგოგები კი არა, აქ ჩამოდიან პედაგოგები, რომელთათვისაც ეს პროფესია მართლა მოწოდებაა. სწორედ ისინი ცდილობენ ცოდნა გადასცენ ბავშვებს, რომლებიც საქართველოს ყველაზე განაპირა სოფლებში ცხოვრობენ. 25 წლის გაგი შეთეკაური ერთ-ერთი მათგანია.

შეთეკაურმა წარმატებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტი, შემდეგ ილიას უნივერსიტეტის გარემოს დაცვის მიმართულებით მაგისტრატურა გაიარა, თანაც ერთი სემესტრი ნიდერლანდებში ისწავლა. შესაბამისი გამოცდის ჩაბარების შემდეგ ინგლისური ენის სწავლების უფლება მოიპოვა.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა შეთეკაურმა სახელმწიფო პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში დაიწყო. თავიდან ახალქალაქის რაიონის სოფელ ოკამში ასწავლიდა, შემდეგ ხევსურეთის სოფელ ბარისახოში.

შუაფხოში ახალგაზრდა მასწავლებელი ორი თვეა რაც ასწავლის. გადაწყვეტილება სწრაფად მიიღო, როდესაც გაიგო, რომ სკოლას ინგლისური ენის პედაგოგი ესაჭიროებოდა.

შეთეკაური წარმოშობით ხევსურია, ყოველ ზაფხულს მშობლიურ მხარეში ატარებს. ამბობს, რომ მთებისა და მთაში ცხოვრების სიყვარული სისხლში აქვს, ამიტომაც შუაფხოში წასვლისა და მუშაობის დაწყების გადაწყვეტილება ადვილად მიიღო.

© FB/ გაგა შეთეკაურისოფლის სკოლის მასწავლებელი გაგა შეთეკაური
სოფლის სკოლის მასწავლებელი გაგა შეთეკაური - Sputnik საქართველო
სოფლის სკოლის მასწავლებელი გაგა შეთეკაური

„ვიცოდი სადაც მივდიოდი, ვიცოდი რაც მელოდა. შეჩვეული ვარ მთაში ცხოვრებას, იქაურ სირთულეებს, რომლებსაც ადგილობრივები ყოველდღიურად აწყდებიან“, — ამბობს შეთეკაური.

შეთეკაური პარალელურად ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის მეგობართა ასოციაციაში მუშაობს, აწყობს სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებით ღონისძიებებს.

ახალგაზრდა მასწავლებელი ყოველ ორშაბათს ჩადის შუაფხოში და პარასკევამდე იქ რჩება. ცხოვრებით სკოლის დირექტორის ოჯახში, დანარჩენ ხუთ პედაგოგთან ერთად ცხოვრობს.

„მსიამოვნებს იმის კეთება, რასაც ვაკეთებ. მომწონს ბავშვებთან ურთიერთობა და ვფიქრობ, რომ ეს კარგად გამომდის. მეცხრე კლასში ოთხი მოსწავლე მყავს, მეხუთე და მერვე კლასებში მოსწავლეები საერთოდ არ არის. სოფელი თანდათანობით იცლება, იმიტომ რომ პირობები არ არის. სკოლაში მხოლოდ ცხრა კლასია, ამიტომ სწავლის გასაგრძელებლად ბავშვებს მშობლიური სოფლიდან წასვლა უწევთ“, — გვიზიარებს თავის წუხილს შეთეკაური.

მაყვალი - Sputnik საქართველო
ახალგაზრდა აგრონომმა კახეთში გიგანტური მაყვალი მოიყვანა

თუ სკოლაში მეათე და შემდგომი კლასები არ იქნება და პირობები არ გაუმჯობესდება, რამდენიმე წელში აქ ახალგაზრდა თაობა პრაქტიკულად აღარ დარჩება, აღნიშნა მან.

„ზოგჯერ, როდესაც ტრანსპორტი არ არის, სახლიდან სკოლამდე ორი კილომეტრის გავლა თოვლსა და ყინვაში გვიწევს. მე არ მიძნელდება, კაცი ვარ, ბავშვებსა და ქალებს კი უჭირთ“, — ჰყვება ახალგაზრდა პედაგოგი.

შეთეკაური შუაფხოს სკოლის დატოვებას ჯერ არ აპირებს. ამბობს, რომ მაღალმთიანი სოფლების განვითარებას ხელი ყველამ უნდა შეუწყოს, მათი დაცლა არ უნდა დავუშვათ, რადგან ასეთ სოფლებში იბადებიან და იზრდებიან განსაკუთრებული შინაგანი სამყაროს მქონე ადამიანები, რომლებსაც ირგვლივ მყოფთა სიყვარული და ბუნების შეგრძნება შეუძლიათ.

„ბავშვები ძალიან მონდომებული და ნიჭიერები არიან. აქედან მომდინარეობს ჩემი მოტივაციაც — ვიყო და ვიმუშაო აქ. ეს უდიდესი ბედნიერებაა, როდესაც შენი შრომის ნაყოფს ხედავ. ამას რომ არ ვხედავდე, ყოველდღე ასეთ გზას და სირთულეებს ვერ გადავლახავდი“, — აღნიშნა დასასრულს შეთეკაურმა.

ყველა ახალი ამბავი
0