თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. 23 წლის კისისხეველმა (თელავის რაიონი) გიორგი ლაცაბიძემ გიგანტური უეკლო მაყვალი მოიყვანა — ერთი მარცვალი საშუალოდ 15 გრამს იწონის. ერთი ბუჩქის მოსავლიანობამ ხუთი კილოგრამი შეადგინა.
მომავალმა აგრონომმა, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა მაყვლის პლანტაცია 2015 წელს გააშენა და წელს პირველი მოსავალი მიიღო. მისი თქმით, გიგანტური, უეკლო „სამმაგი გვირგვინის“ ჯიშის მაყვალი ველურ მაყვალზე ადრე მწიფდება, მოსავლის აღება ივნისში იწყება და აგვისტოს ბოლომდე გრძელდება.
„ამ ჯიშის მაყვალი ძალიან ტკბილი და არომატულია. ერთი მარცვლის საშუალო წონა 15 გრამია. ყველაზე დიდი მარცვლი 20 გრამამდეც აღწევს. ნახევარ ჰექტარზე 1500 ძირი მაყვალი მაქვს გაშენებული. დარგვიდან მეორე წელს ერთი ძირიდან 5 კილოგრამი, საერთო ჯამში კი 7 ტონაზე მეტი მოსავალი ავიღეთ“, — განაცხადა ლაცაბიძემ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ მოამავალ წელს ერთი ბუჩქიდან 10 კილოგრამამდე მაყვლის აღების იმედი აქვს.
პირველი მოსავლის რეალიზება ახალგაზრდამ ადგილობრივ ბაზარზე მოახდინა, მაგრამ მომავალ წელს თავისი მოსავლის ექსპორტირებას აპირებს. მისი თქმით, ევროკავშირისა და რუსეთის ბაზარზე მაყვალზე დიდი მოთხოვნილებაა, ამიტომ მაყვლის ბაღის გაფართოებასა და წარმოების გაზრდას აპირებს.
„შემოდგომაზე ახალი ძირების დარგვას ვაპირებთ. მინდა კიდევ რამდენიმე ჰექტარზე გავაშენო. ამ მაყვლის გაშენება ძალიან პერსპექტიულია, რადგან ევროპის ბაზარზე ძალიან დიდი მოთხოვნაა. წელს რუსეთიდან მქონდა შემოთავაზება. უნდოდათ კვირაში 10 ტონა გაეტანათ, მაგრამ უარი ვთქვით, რადგან საკმარისი რაოდენობის მაყვალი არ გვქონდა“, — განაცხადა ლაცაბიძემ.
ნაყოფის გარდა ახალგაზრდა ბიზნესმენი მაყვლის ნერგებსაც ყიდის.
ევროკავშირში პროდუქციის ექსპორტს ახალგაზრდა მომავალ წელს გეგმავს. მან აღნიშნა, რომ მანამდე პროდუქტის შენახვისა და ტრანსპორტირებისთვის შესაბამისი პირობები უნდა შეიქმნას.