საქართველოში ისრაელის პრეზიდენტის ვიზიტი ტერაქტის გამო კინაღამ ჩაიშალა

© FB / Георгий Квирикашвилиისრაელის პრეზიდენტი და გიორგი კვირიკაშვილი
ისრაელის პრეზიდენტი და გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სატვირთო ავტომობილში მჯდომი უცნობი პირი 8 იანვარს იერუსალიმში სამხედრო მოსამსახურეებს დაეჯახა.

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. ისრაელის პრეზიდენტ რეუვენ რივლინს იერუსალიმში გუშინ მომხდარი ტერორისტული აქტის გამო საქართველოში ოფიციალური ვიზიტის გადადება შეეძლო.

სატვირთო ავტომობილში მჯდომი უცნობი პირი 8 იანვარს იერუსალიმში სამხედრო მოსამსახურეებს დაეჯახა, რა დროსაც დაიღუპა ოთხი და დაშავდა 15 ადამიანი. თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. ხელისუფლება მომხდარს ტერაქტად აფასებს.

„ჩვენ, მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, განვიხილავდით შესაძლებლობას გადაგვედო საქართველოში ვიზიტი, თუმცა გადავწყვიტეთ, რომ ტერორისტები ვერ გაგვაჩერებენ. ასე რომ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, დღეს თქვენთან ყოფნა ჩვენთვის დიდი პატივია“, —  განაცხადა რეუვენ რივლინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას.

იერუსალიმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მეთაურმა ისრაელის პრეზიდენტს მიუსამძიმრა.

„ეს არის კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული აქტი და საქართველო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თქვენ გვერდით დგას. ჩვენ შოკირებული ვართ ამ შემაძრწუნებელი, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული აქტით. ტერორისტების მიზანია შეცვალონ ქვეყნის განვითარების დღის წესრიგი და ჩვენ ამ პროცესში ერთად უნდა ვიდგეთ“, — განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

საუბრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრისას საუბარი კულტურისა და განათლების სფეროში თანამშრომლობასაც შეეხო.

ისრაელის პრეზიდენტი რივლინი - Sputnik საქართველო
საქართველო და ისრაელი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზად არიან

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ისრაელის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოში ორდღიანი ვიზიტით ისრაელის პრეზიდენტი რეუვენ რივლინი მეუღლესთან ერთად იმყოფება, რომლის ფარგლებში დაგეგმილია ისრაელის პრეზიდენტის შეხვედრები საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის წარმომადგენლებთან. ისრაელის პრეზიდენტმა მის ქართველ კოლეგასთან გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრა უკვე გამართა.

საქართველომ და ისრაელმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 1 ივნისს დაამყარეს. ქვეყნებს მუდმივი პოლიტიკური დიალოგი აქვთ, თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროებში.

ყველა ახალი ამბავი
0