თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ორშაბათს ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვევა, იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური.
თურქეთში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე შეხვედრას გამართავს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანთან, თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმთან და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან.
შეხვედრების დროს განხილული იქნება მიმდინარე აქტუალური საკითხები, მათ შორის, საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მუშაობა. საუბარი ასევე შეეხება ორი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და რეგიონში უშიშროების არსებულ გარემოს. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთის დიპლომატიური კორპუსის ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც თურქი დიპლომატების წინაშე სიტყვით გამოვა.
თურქი დიპლომატების შეხვედრას ასევე დაესწრებიან ტუნისის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰმაის ალ-ჟინაუი და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტიმო იუჰანი სოინი.
საქართველომ და თურქეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს 21 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უშიშროების, განათლების სფეროებში და ერთმანეთს სტრატეგიულად მნიშვნელოვან პარტნიორებად თვლიან.
საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორებს შორის თურქეთი მეორე ადგილს იკავებს. 2016 წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდში საქართველო-თურქეთის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ დაახლოებით 1,4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 12,9%-ს შეადგენს.