თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ ისრაელის პირველ ლედის ნეჩამა რივლინს პრეზიდენტის სასახლეში ფინჯან ჩაიზე უმასპინძლა, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოში ორდღიანი ვიზიტით ისრაელის პრეზიდენტი რეუვენ რივლინი მეუღლესთან ერთად იმყოფება.
საქართველოს პირველმა ლედიმ სტუმარს ჯერ პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა, სადაც საუბრის თემა საქართველოსა და ისრაელს შორის კულტურული ურთიერთობები იყო. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მაკა ჩიჩუამ და ნეჩამა რივლინმა მეტეხის ტაძრის ეზოდან თბილისის ხედები დაათვალიერეს.
ორი ქვეყნის პირველმა ქალბატონებმა საჩუქრები გაცვალეს. მაკა ჩიჩუამ სტუმარს ტიხრული მინანქრის ტექნოლოგიით შესრულებული ვერცხლის გულსაბნევი უსახსოვრა.
ისრაელის პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუას საქართველოში მოწვევისთვის და გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.