თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას ცემის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე უნდა გამკაცრდეს და უნდა შეეცვალოს კვალიფიკაცია — მუხლი „ძალადობა“ უნდა შეცვალოს მუხლმა „დევნა ჩადენილი ძალადობით, პოლიტიკური შეხედულებების ან საზოგადოებრივი აქტივობის გამო“, ან მუხლმა „ხულიგნობა“, მიიჩნევს გვარამიას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.
შაბათს გვარამია, მამის დაკრძალვის შემდეგ, მეგობრებთან ერთად თბილისის ცენტრში რესტორანში წავიდა, სადაც მას და რეჟისორ დავით დოიაშვილს ორი ადამიანი დაესხა თავს. მოგვიანებით ყოფილი ოპოზიციონერის ლევან გაჩეჩილაძის შვილმა Facebook-ის გვერდზე დაწერა, რომ სცემა გვარამია, რადგან მისი ოჯახი არაერთი წლის განმავლობაში გვარამიას და მისი თანამოაზრეების გამო იტანჯებოდა. გაჩეჩილაძე პოლიციას ჩაბარდა. ვინ იყო მეორე თავდამსხმელი, უცნობია.
„თვითონ გაჩეჩილაძემ გააკეთა განცხადება, რომ ნიკა გვარამიას თავს დაესხა მისი პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის გამო, სწორედ ამიტომ მის მიმართ პასუხისმგებლობა წაყენებული უნდა იქნას სსკ-ის 156-ე მუხლით, რომელიც გულისხმობს დევნას სწორედ პოლიტიკური შეხედულებებისა და საზოგადოებრივი საქმიანობის გამო. სხვა შემთხვევაში, თუ ვიტყვით, რომ არ არსებობდა მოტივი — ნიკა გვარამიას პოლიტიკური შეხედულებები, მაშინ გვრჩება ხულიგნობა, რაც გულისხმობს საზოგადოებრივი წესრიგის აბუჩად აგდებას. მაშინ ეს არის 239-ე მუხლი („ხულიგნობა“)“, — განაცხადა საძაგლიშვილმა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“.
საქართველოს პროკურატურამ ორშაბათს, დღის ბოლომდე რატი გაჩეჩილაძეს ოფიციალურად უნდა წაუყენოს ბრალი.
„დღეს მას ბრალი უნდა წაუყენონ. შემდეგ პროკურატურა მიმართავს სასამართლოს. 126-ე მუხლით ამ ქმედების კვალიფიცირება შეიძლება მიზნად ისახავდეს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ დამნაშავის მიმართ მსუბუქი სასჯელი იქნეს გამოყენებული და, შესაბამისად, მას არ დაეკისროს პასუხისმგებლობა კანონით გათვალისწინებული წესით. სწორედ ამიტომ აღძრეს მათ საქმე ამ მუხლით. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მსგავს სიტუაციებში პატიმრობა, როგორც აღმკვეთი ზომა, ბრალდებულის მიმართ არ გამოიყენება“, — დასძინა ადვოკატმა.
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ სასამართლომ რატი გაჩეჩილაძის მიმართ გამოძიების პერიოდში წინასწარ აღკვეთის ზომად პატიმრობა არ უნდა გამოიყენოს.
„ძალადობას არ აქვს არანაირი გამართლება, მე, როგორც პოლიტიკოსმა, ეს შემიძლია ვთქვა, მაგრამ ჩემი აზრია, რომ არ არის აუცილებელი მაინც და მაინც დაკავება მაშინ, როდესაც სხვა შემთხვევებში ანალოგიურ დანაშაულზე არ შეეფარდათ დაპატიმრება“, — განაცხადა მდინარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
სისხლის სამართლის საქმის გადაკვალიფიცირებაზე საუბრობენ ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები.
ნიკა გვარამიას 2007 წელს საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობა ეკავა. 2008 წლის იანვარში ის იუსტიციის მინისტრი გახდა. იმავე წლის ოქტომბერში განათლებისა და მეცნიერების მინისტრად დაინიშნა. 2009 წელს გვარამიამ ეს თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა და პოლიტიკიდან წავიდა.