თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. საქართველოს მამაკაცთა ნაკრებმა ხელბურთში ლუქსემბურგის ნაკრებთან გასვლითი შეხვედრა წააგო ანგარიშით 29:35, მატჩი 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის ფარგლებში ჩატარდა, იუწყება ხელბურთის ევროპის ფედერაცია (ЕHF).
ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ქართველ ხელბურთელთა შორის შოთა გრიშიკაშვილი გახლდათ, რომლის ანგარიშზეც 6 გატანილი ბურთია.
მიუხედავად შეტევაში კარგი თამაშისა, ქართველთა დაცვა ცუდად გამოიყურებოდა, რამაც მოწინააღმდეგეს მეორედ გამარჯვების შანსი მისცა.
რამდენიმე დღის წინ ლუქსემბურგის ნაკრებმა თბილისში ასევე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და ქართველი ხელბურთელები ანგარიშით 31:24 დაამარცხა.
ამ დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა „С“ ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა.
ახლა ქართველ სპორტსმენებს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ რაუნდში კვალიფიკაციის გასავლელად აუცილებლად ესაჭიროებათ ტურნირ „ჩელენჯერ ტროფიში“ მონაწილეობა, რომელიც მომავალი წლის ივნისშია დაგეგმილი.
EHF EURO 2020 ნორვეგიაში, შვედეთსა და ავსტრიაში ჩატარდება. პირველად ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ტურნირში მონაწილეობას 24 გუნდი მიიღებს. კონტინენტის პირველობის მოქმედი ჩემპიონი გერმანიის ნაკრებია.