თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ხელბურთის ნაკრებმა იტალიის გუნდთან თბილისში საპასუხო მატჩი წააგო ანგარიშით 25:28. შეხვედრა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის ფარგლებში გაიმართა, იუწყება ხელბურთის ევროპის ფედერაციის (EHF) ოფიციალური ვებ-გვერდი.
ქართველები რამდენიმე დღის წინ იტალიაში გამართულ მატჩში დამარცხდნენ (19:26). იმისთვის, რომ С ჯგუფში პირველი ადგილისთვის ბრძოლაში შანსი შეგვენარჩუნებინა, თბილისში მინიმუმ რვაბურთიანი სხვაობით უნდა მოგვეგო, მაგრამ ასე არ მოხდა. საქართველოს ნაკრებმა С ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება და, შესაბამისად, კონტინენტის პირველობის მეორე რაუნდში ავტომატურად კვალიფიცირება ვერ შეძლო.
ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ქართველი ხელბურთელები მომავალ წელს „ჩელენჯ ტროფის“ ტურნირზე წარმატებით უნდა გამოვიდნენ.
EHF EURO 2020 გაიმართება ნორვეგიაში, შვედეთსა და ავსტრიაში. ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში პირველად ტურნირში 24 გუნდი მონაწილეობს. ევროპის მოქმედი ჩემპიონი გერმანიის ნაკრებია.