თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი და „გოლდენ სტეიტ უორიორზის“ ცენტრალური თავდამსხმელი ზაზა ფაჩულია მეორეა გულშემატკივართა კენჭისყრაში, რომელმაც უნდა განსაზღვროს NBA-ს ვარსკვლავთა მატჩში მონაწილის ვინაობა, იუწყება Р-Спорт ლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე დაყრნობით.
ხმის მიცემის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ ფაჩულიას 439 ათასი ხმა აქვს და მეორეა დასავლეთის „დიდ“ მოთამაშეთა შორის. პირველ ადგილზე მისი თანაგუნდელი კევინ დიურენტია 541 ათასზე მეტი ხმით.
სამ სასტარტო მოთამაშეს შორის მოხვედრის პრეტენდენტები ასევე არიან კავაი ლენარდი (341), ენტონი დევისი (318), დეიმონდ გრინი (236) და დემარკუს კაზინსი (202).
გასულ სეზონზე ქართველმა ფანატებმა ზაზა ფაჩულიას მხარდასაჭრად აქციაც კი გამართეს, თუმცა ქართველ კალათბურთელს საბოლოოდ მაინც დააკლდა სულ რაღაც 14 ათას 228 ხმა კავაი ლენარდის სასტარტო ხუთეულიდან „გასაწევად“.
ზაზა ფაჩულიასთვის ხმის მიცემა შესაძლებელია შემდეგნაირად:
• „ფეისბუქისა“ და „ტვიტერში“ — საკუთარ გვერდებზე დაწერეთ #NBAVOTE Zaza Pachulia;
• Google-ში: საძიებელში ჩაწერეთ NBA Vote All-Star, შემდეგ გუნდებიდან ირჩევთ „გოლდენ სტეიტ უორიორზს“, ბოლოდ კი ზაზა ფაჩულიას და აძლევთ მას ხმას;
• NBA-ს ოფიციალურ საიტზე: შედით მისამართზე nba.com/vote და ხმას აძლევთ ზაზა ფაჩულიას.
დაიმახსოვრეთ: ხმის მიცემა 24 საათში ერთხელ შეგიძლიათ.
სასტარტო ხუთეულს წელს პირველად ირჩევენ არა მხოლოდ ქომაგები, არამედ მოქმედი მოთამაშეებიცა და მედიის წარმოამდგენლებიც. მათი კენჭისყრა მომავალ კვირას გაიმართება.
ხმის მიცემის პირველი ეტაპი 16 იანვარს დასრულდება, 19 იანვარს კი გუნდების სასტარტო შემადგენლობები გამოცხადდება.
ვარსკვლავთა მატჩის დანარჩენი მონაწილეები NBA-ს კლუბების ტრენერთა კენჭისყრით შეირჩევიან და 26 იანვარს დასახელდებიან.
ვარსკვლავთა მატჩი 19 თებერვალს გაიმართება ნიუ-ორლეანში.